ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით,  რომ ძალიან სწრაფად  სახალხო ხელისუფლებას მიიღებთ

ბიძინა ივანიშვილი: გპირდებით, რომ ძალიან სწრაფად სახალხო ხელისუფლებას მიიღებთ

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი ხაშურს ესტუმრა. ამომრჩევლებთან გამართულ  შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“  საარჩევნო პროგრამაზე ისაუბრა. გამოსვლის დასრულების შემდეგ,  მან მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა. კოალიციის ლიდერი პედაგოგებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ნათქვამს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სრული სიცრუეა,  რასაც ხელისუფლება მისი მისამართით აცხადებს.

„ყოველთვის ვამბობ, რომ ქედს ვიხრი პედაგოგების წინაშე. ისინი წლების მანძილზე უხელფასოდ ზრდიდნენ ჩვენს შვილებს და დღესაც მხოლოდ და მხოლოდ სამადლობელი სიტყვა ითქმის მათი მისამართით. მაგრამ, ის, რაც ჩემს სატელევიზიო გამოსვლაში ვთქვი, მე კვლავაც გავიმეორებ: ხელისუფლება ცდილობს სიცრუის მანქანაში ჩაითრიოს პედაგოგები. მე მოვუწოდებ მათ- არ მიიღონ მონაწილეობა სიყალბეში, არ მიიღონ მონაწილეობა ხმების გაყალბებაში“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ძალიან დიდი მუხტია, რომ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“  წარმატებას მიაღწიოს.

„ჩვენ აუცილებად დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას და ღირსეულად ვიცხოვრებთ. დღეს მთელ საქართველოს უჭირს, მთელი საქართველო ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. კარგად შეგვიძლია გავაკეთოთ ანალიზი, რომ ეს ხელისუფლება არაა სახალხო ხელისუფლება, ეს ხელისუფლება ძალადობს ხალხზე და ხშირად დიდი ეჭვია იმისა, რომ შეგნებულად ცდილობს  დააკნინოს, წელში გატეხოს და დაჩაგროს   საქართველოს თითოეული მოსახლე.  დაიმონოს და იბატონოს მათზე“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის ლიდერი ხაშურის მოსახლეობის პრობლემებს შეეხო. კონკრეტულად მან ყურადღება,  მიწებთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილა.

„როგორ შეიძლება საერთოდ,  იჯარაზე და მიწის გადასახადზე იყოს საუბარი პირიქით, სახელმწიფომ უნდა  გადაუხადოს მოსახლეობას.  ჩვენ მოსვლის დღიდან დავასაკუთრებთ მიწებს. ყველა განვითარებული,  ძლიერი სახელმწიფო სოფელს  სუბსიდიას უკეთებს, ყველა ეხმარება საკუთარ სოფლის მეურნეობას, გლეხს, რომ მათ სოფელი არ მიატოვონ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ქვიშხეთში რკინიგზის მშენებლობაზე არა ქართველი მუშახელი არამედ, ჩინელებია დასაქმებული.

„ხალხო,  რა ხდება ეს,  რა ინვესტიციებზეა საუბარი?! ინვესტიციის ხიბლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს,  რომ ადგილობრივები დასაქმდეს.  მხოლოდ მაშინ აქვს ხიბლი ამ ინვესტიციას. ეს უნდა დამთავრდეს ხალხო. თქვენ დიდი ხანია ელოდებით და მე გპირდებით,  რომ ძალიან სწრაფად  სახალხო ხელისუფლებას მიიღებთ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო, ბიზნესი და მედია გათავისუფლდება ყოველგვარი წნეხისგან.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ როგორ ავირჩიოთ ხელისუფლება და მერე როგორ უნდა მოვთხოვოთ. გპირდებით, რომ  ჩვენ მოვალთ  და შევქმნით პრეცედენტს,  გაჩვენებთ მაგალითს, როგორია სახალხო ხელისუფლება“, - განაცხადა ივანიშვილმა.