ლობისტურ კომპანიებთან მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეკრულებაზე განცხადება გაავრცელეს

ლობისტურ კომპანიებთან მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის ხელშეკრულებაზე განცხადება გაავრცელეს

არასამთვრობოები მთავრობისა და ბიძინა ივანიშვილის მიერ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ხელშეკრულებების გასაჯაროებას ითხოვენ. ამასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა -„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საზოგადოება", განცხაადებას ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანია მხოლოდ საქართველოს საზღვრებში არ მიმდინარეობს. "უკანასკნელ თვეებში, ოპოზიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა და საქართველოს მთავრობის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლობისტური ფირმები დაიქირავეს. 

„ინტერნეტ-საიტ Civil.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობა სულ მცირე 1,83 მლნ აშშ დოლარს უხდის ვაშინგტონში მოქმედ ლობისტებს (the Podesta Group, Orion Strategies LLC, Prime Policy Group, Gephardt Group Government Affairs, LynxDC), ასევე, კონსულტანტ გრეგორი ა. მანიატისს. მათ მიერ გასაწევი მომსახურება მოიცავს სტრატეგიულ რჩევებს, მხარდაჭერას კომუნიკაციის სფეროში, ლობისტურ საქმიანობას და "სამთავრობო ურთიერთობებთან დაკავშირებულ მომსახურებას" ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თავისუფალი ვაჭრობა, საქართველოს ინტეგრაცია ნატო-სა და ტრანსატლანტიკურ სტრუქტურებში და "დემოკრატიის საკითხები", ასევე "დახმარებას წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით"", - აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში. 

არასამთავრობოების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ამჟამად თვეში 300 000 აშშ დოლარზე მეტს უხდის ოთხ ლობისტურ ფირმას (Parry and Roman Associates Inc, Patton Boggs LLP, Downey McGarth Group Inc, National Strategies LLC).

„გასაჯაროებული კონტრაქტების თანახმად, დაქირავებული კომპანიების მოვალეობები მოიცავს აშშ-ის კონგრესისა და პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წევრთა ლობირებას, მედიის მონიტორინგსა და ინფორმაციის მოძიებას, მედიასთან ურთიერთობებს და ციფრული საშუალებებით კამპანიის წარმოებას, მათ შორის ვიდეორგოლებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადებასა და აშშ-ში, ევროპასა და საქართველოში "მხარდამჭერთა ქსელის" შექმნას სოციალური მედიისა და ვებ-გვერდის (http://www.democracyingeorgia.org) საშუალებით. უცხო ქვეყნის წარმომადგენლის რეგისტრაციის აქტის" თანახმად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტები უნდა დარეგისტრირდეს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში. ეს კონტრაქტები ქვეყნდება ვებ-გვერდზე http://www.fara.gov/qs-foreignprincipal.html. "ივანიშვილისა და საქართველოს მთავრობის ლობისტები ასევე მოქმედებენ ბრიუსელსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში, თუმცა, ამ საქმიანობის დეტალები ბურუსით არის მოცული, რადგანაც ევროკავშირში რეგისტრაციის მკაცრი მოთხოვნები არ მოქმედებს", - აღნიშნულია ორგანიზაციების განცხადებაში. 

აქედან გამომდინარე არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა, საჯარო უნდა გახადონ ლობისტურ კომპანიებთან დადებული ყველა ხელშეკრულება.

ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე მიაჩნიათ, რომ როგორც საქართველოს მთავრობამ, ისე ბიძინა ივანიშვილმა არ უნდა დაუშვან, რომ აღნიშნულმა საქმიანობამ გადაჭარბებული გავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.