ფოთელი პატრული ინციდენტის ადგილზე ნაციონალებთან ერთად ცხადდება

ფოთელი პატრული ინციდენტის ადგილზე ნაციონალებთან ერთად ცხადდება

ფოთის მე-4 სარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბმა განცხადება გააკეთა. როგორც შტაბის წარმომადგენელი საოლქო კომისიაში, ლილი გელაშვილი განმარტავს,   საოლქო კომისიის  წარმომადგენლების მხრიდან უბნების მორიგი შემოვლის დროს ადგილი ჰქონდა    ინციდენტს, რომლის შემდეგაც კომისიის წევრები  საპატრულო პოლიციას დაუკავშირდნენ.

„ერთ-ერთი მოქალაქე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომაც გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია.  რაოდენ გასაოცარია, რომ პოლიციის თანამშრომლებს მოყვნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული უცნობი პირები, რომლებიც აწარმოებდნენ ვიდეო-გადაღებას. ერთ-ერთ პიროვნებას ეცვა გადაბრუნებული წითელი მაისური. მოვთხოვეთ მაისურის გასწორება და გაოცება გამოვთქვით, რატომ მალავდა ნაციონალური მოძრაობის მაისურს. ვინაობის დასახელების მოთხოვნის შემდეგ მან სასწრაფოდ დატოვა საუბნო კომოსია. მეორე სამოქალაქო პიროვნებამ ასევე ვერ დაგვისახელა  ვინაობა და ის მედია-საშუალება, რომელსაც წარმოადგენდა, მხოლოდ დაასახელა ე.წ. ინტერნეტ ტელევიზია.

უბნის კომისიის წევრებსაც და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსაც მოვთხოვეთ გაერკვიათ პოლიციასთან ერთად მოსული პიროვნების ვინაობა, მაგრამ უშედეგოდ“, - განაცხადა ფოთის საოლქო კომისიაში კოალიცია „ქართული ოცნების“  წარმომადგენელმა, ლილი გელაშვილმა.

„ჩვენთან ერთად მყოფმა წარმომადგენელმა ტელეფონით მოახერხა კადრების გადაღება და მისი ნახვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პიროვნება, რომელიც აწარმოებდა ვიდეო-გადაღებას, არის ნაციონალური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ნაჭყებია. ეს არის პიროვნება, რომელიც განსაკუთრებული აგრესიითა და შეურაცხმყოფელი ქცევებით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ. ერთ ასეთ ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება ხულიგნობის ბრალდებით“, - აცხადებს გელაშვილი.

როგორც გელაშვილი ამბობს, ფოთში პოლიციის თანამშრომლები შემთხვევებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ერთად დადიან და არ არიან კანონის დარღვევის ფაქტების აღკვეთით დაკავებულნი.

„ხელთ  გვაქვს  ვიდეომასალა, რომელიც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოში პოლიცია პოლიტიზირებულია და საარჩევნო კამპანია არაჯანსაღ, არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს“, - აცხადებს გელაშვილი.

ხვალ ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების“  ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო  კომისიის წარმომადგენელი ლილი გელაშვილი საჩივრით  მიმართავს ფოთის  პროკურორს, პოლიციის მთავარ სამმართველოსა და საოლქო საარჩევნო კომისიას, რათა  მოხდეს რეაგირება ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით.