სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ლექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება  აქციაზე გააპროტესტა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფმა ლექტორების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აქციაზე გააპროტესტა

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან დღეს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი უნივერსიტეტიდან პროფესორ-მასწავლებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაია გონაშვილი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მოსაზრების დაფიქსირების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს და აღნიშნა, რომ სოლიდარობის მიზნით, სამსახური ფაკულტეტის 25-მა ლექტორმაც დატოვა.

„უნივერსიტეტის წარმომადგენლები მათ შესახებ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. მათ კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული. პროფესორები პოლიტიკური მრწამსის გამო არ უნდა იდევნებოდნენ და განათლების სისტემა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს პოლიტიზებული. ეს ხელისუფლების მხრიდან უმაღლესი სასწავლებლების საქმიანობაში უხეშად ჩარევაა,“ - განაცხადა კობაიძემ და აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც მოხდა, როდესაც კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მხარდაჭერის გამოხატვის გამო, სამსახურიდან პროფესორი ნოდარ ხადური გაათავისუფლეს.

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი ყველა უნივერსიტეტის ლექტორს პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადეს, რომ 25 ლექტორი სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ, რადგან ისინი უნივერსიტეტის შტატგარეშე თანამშრომლები იყვნენ. მათივე განმარტებით, ლექტორები უნივერსიტეტში სემესტრიდან სემესტრამდე ასწავლიდნენ და მათ ახალი კონტრაქტები გაფორმებული არ ჰქონდათ.