მიხეილ სააკაშვილი: გოლს ვერ გაგვიტანენ, მათ შორის ვერც საკუთარ კარებში

მიხეილ სააკაშვილი: გოლს ვერ გაგვიტანენ, მათ შორის ვერც საკუთარ კარებში

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიაში ადგილობრივ მოსახლეობას მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე წარუდგინა და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა.

პრეზიდენტმა მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა,  მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა და კონკრეტულად, ყურადღება ოქტომბრის არჩევნებზე გაამახვილა.

სააკაშვილის თქმით, ეს საქართველოსთვის გადამწყვეტი არჩევნები და რეფერენდუმია იმაზე, თუ რას მივაღწიეთ ბოლო რვა წლის განმავლობაში.

„აქ ჩემი და მერაბის ბედი კი არ წყდება, არამედ - ჩვენი შვილების. მინდა  თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა - არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა,  ვიდრე 8 წლის წინ, როგორც საზოგადოება და თუ არის,  ჩვენ უკან დაბრუნების ფუფუნება არ გვაქვს. ჩვენი მარშრუტი მხოლოდ წინ სიარული და აღმასვლაა. სხვადასხვა მოწინააღმდეგეები არსებობენ, მაგრამ დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე მოსულია თქვენთან და გაურკვევლობას თესავს, როდესაც გვეუბნება, რა მნიშვნელობა აქვს, ევროპასთან ვიქნებით, რუსეთთან თუ ამერიკასთან?  ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საქართველო დაცული იქნება,  სადაც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ის ვინც გვეუბნება, „რა მნიშვნელობა აქვს ომი ვინ დაიწყო, ჩემთვის სულერთია, ომი ვინ დაიწყოო“, - ალბათ,  სულერთია ვის კარებში გაიტან გოლს. საკუთარ კარში გოლების გამტანების დიდი ბრიგადაა შემოსეული საქართველოში  და ისინი ვერასდროს გაიმარჯვებენ. თუ ამბობ, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე ომში, ცდილობ გოლი გაიტანო შენს კარებში. სანამ ჩვენ კარებში ასეთი მეკარეები დგანან, გოლს ვერ გაგვიტანენ, მათ შორის ვერც საკუთარ კარებში“, - განაცხადა სააკაშვილმა.