ნოდარ ხადური: აუდიტის სამსახურს აინტერესებდა, რატომ არ შევწირე თანხები უშუალოდ პარტიის სამსახურს

ნოდარ ხადური: აუდიტის სამსახურს აინტერესებდა, რატომ არ შევწირე თანხები უშუალოდ პარტიის სამსახურს

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის, ნოდარ ხადურის განცხადებით აუდიტის სამსახურში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს. ამის შესახებ ხადურმა From.ge-ს განუცხადა.

მისი თქმით,  აუდიტის სამსახური იმ შემოწირულობებით დაინტერესდა, რომელიც ბოლო პერიოდში მან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განახორციელა.

ხადური აცხადებს, რომ  უწყებამ განსაკუთრებული ყურადღება ბოლოს - 17 აგვისტოს განხორციელებულ შემოწირულობაზე გაამახვილა, როცა მან „ქართულ ოცნებას“ 330 ლარი და 40 თეთრი შეწირა.

„ცხადია, აქ საქმე არ ეხებოდა ამ თანხის წარმომავლობას. უბრალოდ აუდიტის სამსახურს აინტერესებდა რატომ გადავრიცხე ეს თანხა პირდაპირ საბაჟო სამსახურში და არ შევწირე უშუალოდ პარტიის სამსახურს. მე ავუხსენი მათ, რომ ინკასოს გამო პარტიის ანგარიშები იყო გაჩერებული, მასზე თანხების მოძრაობა არ ხდებოდა, ამიტომ იძულებული ვიყავი, ასეთი გზისთვის მიმემართა. ჩემი აზრით, ეს სავსებით კანონიერია“, - განაცხადა ხადურმა.

მისივე განმარტებით, თავად მოგელაძემ აუხსნა, რომ ეს პროცესი უბრალოდ პრევენციის მექანიზმი იყო, რომლის შემდეგაც აუცილებლად გადაამოწმებენ იყო თუ არა იმ დროისათვის თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა საბანკო დაწესებულებების მეშვეობით.

„გადაამოწმებენ ინკასოს მეშვეობით იყო თუ არა მართლაც მთელი თანხა ჩამოჭრილი და გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყება ამის შემდეგ მიიღებს“, - დასძინა მან.