GNS -ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტისა და ოპერატორის დაიკითხვა დასრულდა

GNS -ის გადამღები ჯგუფის ჟურნალისტისა და ოპერატორის დაიკითხვა დასრულდა

ახმეტის პოლიციაში სტუდია GNS -ის გადამღები ჯგუფის - ვასილ დაბრუნდაშვილისა და ბაჩანა ბულისკერიას დაკითხვა დასრულდა.

დაბრუნდაშვილის განცხადებით, გამომძიებელი დეტალურად ეკითხებოდა მას, რა იყო ინციდენტის მიზეზი და  ისინი დაინტერესდნენ,  შეიჭრნენ  თუ არა ვინმეს კერძო საკუთრებაში. „მათ ხაზგასმით ავუხსენი და ვუთხარი, რომ ჩვენი მხრიდან არ ყოფილა არანაირი შეჭრის მცდელობა“, - განაცხადა  დაბრუნდაშვილმა.

დაბრუნდაშვილი ინციდენტთან დაკავშირებით,  შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას აბსურდულს უწოდებს.

„შს სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომ ჩვენ სადღაც შევიჭერით, ეს არის აბსურდული განცხადება. არსად არ შევსულვართ, მშვიდად, წყნარად ვამოწმებდით ინფორმაციას“, - აღნიშნა დაბრუნდაშვილმა.

ჟურნალისტ ვასილ დაბრუნდაშვილის ინფორმაციით, სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფი ერთ-ერთი იმ საწარმოს გადაღებისას სცემეს, სადაც მათი ინფორმაციით, უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ინახებოდა.

როგორც დაბრუნდაშვილი აცხადებს, საწარმოდან გამოვიდა მეპატრონე და მატ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

„სასტიკად ნაცემია ჩემი ოპერატორი. განადგურებულია ტექნიკა, თუმცა კასეტის გადარჩენა მოვახერხეთ“, - განაცხადა დაბრუნდაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა შს სამინისტრომაც. მათი ცნობით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სტუდია GNS-ის გადამღები ჯგუფისა და ყარმაზანაშვილ-ჭიჭიაშვილის დაპირისპირების ფაქტზე.

შსს-ს ცნობით, 22 აგვისტოს, 21:30 საათზე, ახმეტის პოლიციის რაიონულ სამმართველოში რაიონის საავადმყოფოდან შევიდა შეტყობინება ორი პირის - ბაჩანა ბულისკერიას და ვასილ დაბრუნდაშვილის ფიზიკური დაზიანების შესახებ. ამავდროულად, პოლიციას საჩივრით მიმართეს ახმეტის რაიონის მცხოვრებმა ზაურ ყარმაზანაშვილმა და ოსიკო ჭიჭიაშვილმა. ყარმაზანაშვილის და ჭიჭიაშვილის განცხადებით, სტუდია GNS-ის ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი და ოპერატორი ბაჩანა ბულისკერია მათ კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიჭრნენ.

სტუდია GNS -ის ხელმძღვანელის, ნანა ლეჟავას ინფორმაციით კი, სტუდია GNS-ს აქვს ვიდეომასალა, სადაც ჩნას, რომ ჟურნალისტები არავის კერძო საკუთრებაში არ შესულან.