ჩარგალი „ვაჟაობას“ წელს მეორედ უმასპინძლებს

ჩარგალი „ვაჟაობას“ წელს მეორედ უმასპინძლებს

 დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით, ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა 2012" დღეს მეორედ გაიმართება.

წელს ჩარგალში „ვაჟაობის“ დღესასწაული, ტრადიციულად ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს-14 ივლისს გაიმართა. კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჩარგალში ვაჟაობის ტრადიციულ დღესასწაულს დაესწრო. მან სიტყვით გამოსვლაში იმ ღირებულებებზე ისაუბრა, რაზეც ვაჟა-ფშაველა წერდა და რომელიც დღეს , 21-ე საუკუნეში ისევ აქტუალურია. „ვაჟამ ეროვნული პრიორიტეტების წარმოჩენით, დაგვანახა, რომ ჩვენ არა მარტო პოლიტიკურად და გეოგრაფიულად, არამედ მენტალურადაც ევროპის ღირსეული ოჯახის წევრები ვართ...ჩვენ ვაჟას გზით, ვაჟას სიბრძნით ავიხდენთ ქართულ  ოცნებას!“,-განაცხადა ივანიშვილმა.

„ვაჟაობის“დღესასწაული, რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. იმართება დოღი, რომელიც ყოველწლიური ტრადიციაა, დოღზე ერთმანეთს ადგილობრივები ეჯიბრებიან და შემდეგ მთელი წელი გამარჯვებულის სტატუსს ატარებენ. იმართება ჭიდაობა, მკლავჭიდი, ხრიდოლი. გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობენ ფოლკლორული ანსამბლები, პოეტები და მწერლები ვაჟა ფშაველას შემოქმედებაზე საუბრობენ და ვაჟას შემოქმედებას კითხულობენ, ეწყობა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ფშავლები სტუმრებს „ხინკალს“ ადგილობრივი წარმოების ყველს და ხაჭოს სთავაზობენ.

გასული წელი ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავთან დაკავშირებით, იუნესკომ ვაჟას წლად გამოაცხადა. ის ასევე შესულია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.