ვანის რაიონის,  სოფელ სანიესოულის მოსახლეობა საძოვრების გარეშე რჩება

ვანის რაიონის, სოფელ სანიესოულის მოსახლეობა საძოვრების გარეშე რჩება

ვანის რაიონში, სოფელ სანიესოულის მოსახლეობა შესაძლოა, საძოვრების გარეშე დარჩეს. ადგილობრივების განცხადებით, 50 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი უკანონოდ გაიყიდა და შესაძლოა, ახალმა მეპატრონემ რამდენიმე სოფელი საძოვრების გარეშე დატოვოს.

სოფლის მაცხოვრებლები კი აცხადებენ, რომ თუ ადგილობრივი ხელისუფლება და მიწის მეპატრონე მათ მოთხოვნებს არ გაიზიარებენ, ისინი ნაკვეთის შემოღობვას და საქონლის საძოვრად გამოყენებას გეგმავენ, თავისი პრობლემის შესახებ კი მათ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესაც შეატყობინეს.

„მთელი სოფელი ასე ვაპირებთ მოვიქცეთ, სხვა ადგილი არ გვაქვს რომ ვაბალახოთ, ნახევარი სოფლის საქონელი აქ ბალახობს. დავით ბაქრაძე კი შეგვპირდა, რომ სხვა ნაკვეთს მოგვცემენ, საძოვრის გარეშე არ დაგტოვებთო, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ არის“,-აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, მათთვის ამ პრობლემის შესახებ ცნობილია და მათ დავით ბაქრაძესაც მიაწოდეს ინფორმაცია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ვანის მაჟორიტარობის კანდიდატის პაატა ლეჟავას განცხადებით, საქმის კურსშია დავით ბაქრაძეც, მაგრამ კომენტარს იმის შესახებ, კანონიერად მოხდა თუ არა მოსახლეობის საძოვრების გარეშე დარჩენა, ვერ გააკეთებს, რადგან ის იურისტია.

„პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის დროსაც დაისვა ეს საკითხი. ვიცი, რომ ამ საკითხზე რამდენიმე სასამართლოც გაიმართა. კომენტარს, რამდენად კანონიერად მოხდა ეს, ვერ გავაკეთებ, ეს საქმე სასამართლო განხილვის საქმეა, მე იურისტი ვარ და თავს უფლებას არ მივცემ რომ სასამართლოზე მაღლა დავაყენო საკუთარი თავი“,-აცხადებს ლეჟავა.