ჩიორა თაქთაქიშვილი: ეუთოს კრიტიკა კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას უკავშირდება

ჩიორა თაქთაქიშვილი: ეუთოს კრიტიკა კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას უკავშირდება

„ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის შეფასებით, წინასაარჩევნო ვითარებასთან დაკავშირებით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის კრიტიკა „კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებულ არაზუსტ ინფორმაციას“ უკავშირდება. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამორიცხული არც ის არის, რომ საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის მიწოდებული კონკრეტული ინფორმაცია არაზუსტი იყოს. თაქთაქიშვილის თქმით, ამ ეტაპზე პარტია დარჩენილი დროის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში წარმართვას აპირებს და აღნიშნა, რომ  არჩევნების სამართლიანად ჩატარებისთვის ისინი მნიშვნელოვან წვლილს თავიანთი საქმიანობით შეიტანენ.

„მნიშვნელოვანია და განსაკუთრებული ყურადღება არის გამახვილებული იმ ფაქტზე, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა, საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის კონკრეტული პარტიის ლობისტების მიერ მიწოდებული ინფორმაცია არ იყოს ზუსტი", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ამასთან, თაქთაქიშვილის შეფასებით, ეუთოს დელეგაციამ ხაზი გაუსვა იმ წარმატებებს, რომელსაც საქართველომ 2008 წლის არჩევნების შემდეგ მიაღწია. ეს კი მისი თქმით ძირითადად სიების დაზუსტებას, წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მედიის ხელმისაწვდომობის გაფართოებას უკავშირდებოდა.

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში საკუთარი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციასაც და ამ მიზნის მისაღწევად მან უმცირესობას მოუწოდა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედონ, ასევე აღიარონ არჩევნების შედეგები", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის" სპიკერის თქმით, უშუალოდ მმართველმა გუნდმა არჩევნების სამართლიანად ჩატარების უზრუნველსაყოფად მზადყოფნა გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მიმდინარე პროცესებზე დასაკვირვებლად ადრეულ ეტაპზე მოეწვია.

ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, შემაჯამებელ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ზრდადი პოლიტიკური პოლარიზაცია  დააფიქსირეს.

„განსაკუთრებით გვაწუხებს რამდენიმე სამართალდამცავი ინსტიტუტის მოქმედება. ჩვენი აზრით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ფართოდ იყენებს თვითნებურ ძალაუფლებას პარტიის თუ ინდივიდუალური ხარჯვის კანონიერების დასადგენად და იღებს საეჭვო გადაწყვეტილებებს და მკაცრ ჯარიმებს აკისრებს ნათელი ან გამჭვირვალე ინსტრუქციების გარეშე. ჯარიმები არის არაპროპორციული და აშკარად შერჩევით არის გამოყენებული - ძირითადად ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ", - აცხადებს ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა.