რიკარდო მილიორი: საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს

რიკარდო მილიორი: საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდო მილიორის შეფასებით, წინასაარჩევნო კამპანიაში ლენინიზმის ნიშნებია.  ამის შესახებ მილიორმა დავით ბაქრაძესთან შეხვედრსი დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსთვის, ასევე, ევროპისთვისაც და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო შეძლებს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას.

„საარჩევნო კამპანიაში ვხედავ ლენინიზმის მცირე ნიშნებს. ლენინიზმში ვგულისხმობ იმას, რომ პარტიები საკუთარ პროგრამებს არ წარადგენენ და ცდილობენ ერთმანეთი გაანადგურონ. ამ ქვეყანაში არის განსხვავებული პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ისინი მტრები არ უნდა იყვნენ“ - განაცხადა მან.

ამასთან, რიკარდო მილიორმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა მოსახლეობას საკუთარი პროგრამები და ხედვები გააცნონ, რათა საზოგადოებას არჩევანის შესაძლებლობა ჰქონდეს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, საქართველოში არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ტონინო პიკულას შეფასებით კი, 2008 წლის შემდეგ ქვეყანაში, როგორც კანონმდებლობაში, ასევე, საარჩევნო სიებში პროგრესი შეიმჩნევა, თუმცა, პრობლემები კიდევ არსებობს.

 

მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს.

ეუთო-ს დელეგაცია თბილისში 19 აგვისტოს ჩამოვიდა და ვიზიტის ფარგლებში 20 აგვისტოს უკვე შეხვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს, საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძეს, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ნერმინ ნისიჩს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენებს, ასევე, ტელეკომპანია „მეცხრე არხისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებს.

 21 აგვისტოს კი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ შეხვედრები ოპიზიციისთან, უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფისა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან გამართა.