მაია მიმინოშვილის მიმართვა პედაგოგებს - სისტემას, რომელსაც ემსახურებით, შეცვლა სჭირდება

მაია მიმინოშვილის მიმართვა პედაგოგებს - სისტემას, რომელსაც ემსახურებით, შეცვლა სჭირდება

ორგანიზაცია "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაციის" ხელმძღვანელის და გამოცდების ეროვნული ცენტრის  ყოფილი დირექტორის მაია მიმინიშვილის მტკიცებით,  ხელისუფლება პედაგოგების საარჩევნო რესურსად აქტიურად გამოყენებას გეგმავს. ამის შესახებ მიმინოშვილმა განცხადება სოციალურ ქსელ  Facebook-ის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მისი თქმით, მასწავლებელი პირველ რიგში საარჩევნო ხმად, სახელისუფლებო რესურსად განიხილება, ამიტომ ის პედაგოგეგბს მოუწოდებს შიშის კარნახით არ იმოქმედონ და გულწრფელი არჩევანი გააკეთონ.

ამასთანავე მიმინოშვილი ერთიან ეოვნულ გამოცდებსაც შეეხო.

მაია მიმინოშვილის განცხადებას From.ge უცვლელად გთავაზობთ:

რამდენიმე დღეში 2012 წლის საგამოცდო პროცესი პრაქტიკულად დასრულდება. სწორედ ამიტომ, თავს უფლებას მივცემ ღიად და დაუფარავად ვთქვა ის, რაც გამოცდების მიმდინარეობისას პირდაპირ თუ ირიბად უამრავი ადამიანის ვნებათაღელვას გამოიწვევდა, მოსწავლითა და მასწავლებლით დაწყებული, ჩემი ყოფილი თუ ამჟამინდელი კოლეგებით დასრულებული. 
საგამოცდო პროცესზე არაფერს ვიტყვი, ერთად ვნახავთ, რამდენად გაუძლებს კრიტიკას ის, რაც ერთიანი ეროვნული, სასერტიფიკაციო თუ სკოლის გმოსაშვები გამოცდებიდან დარჩება.
რაც შეეხება განათლების სფეროს - სახელმწიფოს განათლებული ადამიანები აშენებენ, შესაბამისად, თუ სახელმწიფო კი არ აშენებს, ანგრევს ამ სისტემას, ჩიხი გარდაუვალია. ჩიხში შესული საგანმანათლებლო სფერო კი უმძიმესი პერსპექტივაა ქვეყნისთვის.
თუ არსებული ვითარება ძალიან მალე და რადიკალურად არ შეიცვლება, ეს პერსპექტივა განაჩენად იქცევა ჩვენი ახალგაზრდებისა და სახელმწიფოსთვის. 
მტკივნეულია, როცა მასწავლებელი პირველ რიგში საარჩევნო ხმად, სახელისუფლებო რესურსად განიხილება. როდესაც ადამიანებს, რომლებსაც დიდი ტვირთი და მინიმალური დაფასება აქვთ, ზემდგომი უწყება მხოლოდ მუქარის ენით ესაუბრება.
პედაგოგებს მინდა მივმართო - ყველა თქვენგანის მორიდებით გაზიარებული სათქმელი მახსოვს და კიდევ ერთხელ მადლობა ამ გულახდილობისათვის. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად სწორედ ეს საუბრები, ეს შეხვედრები მაკლია დღეს.
ვხვდები, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების ძალისხმევა ნამდვილად არ იყო საკმარისი იმ რეალობის შესაცვლელად, რომელიც ყველას ძალიან გაწუხებს. ვეცადეთ, თუმცა შედეგად რაც მივიღეთ, თქვენც იცით... 
და რადგან გულახდილობა ჩვენი უერთიერთობის წესი იყო, მინდა დღესაც პირდაპირ გითხრათ - ჩემო კარგებო, სისტემას, რომელსაც ემსახურებით, შეცვლა სჭირდება. შველა სჭირდება მთელ ქვეყანას და სწორედ ამიტომ უფლება არ გვაქვს არ ვიყოთ გულახდილები მთელი ერის, ქვეყნის წინაშე. სწორედ ამიტომ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გულწრფელი არჩევანი და მივიღოთ მხოლოდ ის გადაწყვეტილება, რაც ნაკარნახევი იქნება არა შიშით, ან ვიღაცის წინაშე ვალდებულებით, არამედ ჩვენი გულისა და გონების კარნახით. მეც თქვენთან ერთად ველი უკეთეს მომავალს, ველი იმ დღეს, როცა პედაგოგის ერთადერთი საზრუნავი კარგი გაკვეთილის დაგეგმვა იქნება. ვეცადოთ, რომ ეს დღე მალე დადგეს...“, - ნათქვამია განცხადებაში.