დემურ გიორხელიძე: რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით, ჩვენთვის რუსული ბაზარი იხსნება

დემურ გიორხელიძე: რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით, ჩვენთვის რუსული ბაზარი იხსნება

დღეს რუსეთი ოფიციალურად გახდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი. ეს პროცესი 19 წლის განმავლობაში გრძელდება, სანამ საქართველომ საბოლოოდ თანხმობა არ  მისცა გაწევრიანებას. რა წააგო ან რა მოიგო ორივე მხარემ რუსეთის მსო-ში შესვლით და შეეძლო თუ არა საქართველომ ამ დასტურით, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, უფრო მეტი სარგებლის მიღება? From.ge-ეკონიმიკის ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

რა მოიგო ან რა წააგო ორივე მხარემ რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით?

-მე წლების განმავლობაში ვსაუბრობდი, რომ რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი უნდა გამხდარიყო. ეს პირველ რიგში მომგებიანი იყო საქართველოსთვის. მსო ამყარებს თამაშის საერთაშორისო წესებს და ჩვენ აუცილებლად გვჭირდება პარტნიორები, მეზობლები, რომელთანაც სავაჭრო პრობლემები არ გვექნება. მიუხედავად, ცუდი პოლიტიკური ურთიერთობებისა, ეკონომიკური ურთიერთობები მაინც აუცილებელია, რადგან ვაჭრობა ეკონომიკას ამოძრავებს და რუსეთის დიდი ბაზარი წმინდა პრაგმატული მოსაზრებებით, იგნორირებული არ უნდა იყოს.

რუსეთის მსო-ში გაწევრიანება მსოფლიოს მთავარი მოთამაშეების გადაწყვეტილება იყო, საქართველო ამას ხელს ვერ შეუშლიდა და არც უნდა შეეშალა ხელი.

ექსპერტების ვარაუდით, შეგვეძლო  ჩვენი თანხმობით, უფრო მეტი სარგებლის ნახვა.

- ორივე ქვეყანა, ვფიქრობ ამ ნაბიჯით კმაყოფილი და მოგებული დარჩა. ეს კარგი ჟესტი იყო იმისთვის, რომ უკვე დაიწყეს პოლიტიკურ ურთიერთობებზე საუბარი, რომ არა საქართველოს ხელისუფლების ის პოლიტიკა, შემიძლია პირდაპირ გითხრათ, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა წარსულშია გაჩხერილი, ნეოკონესრვატიზმის  მარაზმის ტყვეობაში, ამიტომ ჩვენ გვაქვს სერიოზული პრობლემები. რუსეთის მსო-ში გაწევრიანებით, საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნება.

ანუ, რუსეთის ბაზარი საქართველოსთვის დღეიდან გახსნილია და ონიშჩენკოზე აღარ ვიქნებით დამოკიდებული?

-თუ ცალკეულ პროდუქტზე არ იქნება დასაბუთებული, რომ ის შეიძლება მავნე იყოს, ქართული პროდუქცია რუსულ ბაზარზე შევა. ონიშჩენკოს სურვილზე ამჯერად ნაკლებად იქნება რაიმე დამოკიდებული, რადგან მსო-ს წესები ემბარგოს არ ითვალისწინებს, თუმცა აქამდე ჩვენი სახელმწიფოები ერთმანეთს ემბარგოს ენით ესაუბრებოდნენ. რუსეთის უსამართლო ემბარგომ კი საქართველოს ეკონომიკა ძალიან დააზიანა. მიუხედავად დიდი რიტორიკისა, რომ ჩვენ მსოფლიოს ბაზრებს დავიპყრობთ, ეს მხოლოდ ილუზიაა, იმ ეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოებში, რასაც საქართველოს ხელისუფლება ეწევა, რაიმეს დაპყრობა შეუძლებელია, რადგან თავზე გვექცევა საკუთარი ეკონომიკა. რუსეთის ბაზრის გახსნა კი ძალიან კარგი სტიმული შეიძლება იყოს ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რომელთა წარმოების განვითარებაც, წლების განმავლობაში ბლოკირებულია. ასე, რომ ეს ნაბიჯი კარგის მეტს არაფერს მოიტანს.