ზურაბ ჯაფარიძე: ეუთომ ყურადღება მიაქციოს უფრო ფართო სურათს და არ უნდა გააკეთოს ფოკუსირება კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებზე

ზურაბ ჯაფარიძე: ეუთომ ყურადღება მიაქციოს უფრო ფართო სურათს და არ უნდა გააკეთოს ფოკუსირება კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებზე

ეუთოს-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შესახებ არასამთავრობოების მოსაზრებებით დაინტერესდა. ამის შესახებ  ჟურნალისტებს "სუფთა პოლიტიკის" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ ასამბლეის დელეგაციისა და არასამთავრობოების შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ წინასაარჩევნოდ ყურადღება მიაქციოს უფრო ფართო სურათს და არ უნდა გააკეთოს ფოკუსირება კონკრეტულ პროცედურული დარღვევებზე,რომელსაც ადგილი აქვს სახელმწიფოს მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სახით თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობისას.

„მთავარია, მათ დაინახონ ფართო სურათი და ეს ფართო სურათია არა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის მხრიდან ოპონენტის დევნა, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობს ივანიშვილის გუნდი, არამედ ეს არის დიდი ფული, რომელიც ებრძვის პატარა ქართულ სახელმწიფოს. მეორე მხრივ, გვაქვს სუსტი სახელმწიფო, რომელიც ახლა იწყებს განვითარებას და ძალიან უჭირთ გამკლავება ასეთი მასშტაბის ფულთან", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სწორედ აქედან გამომდინარეობს სწორედ ის პროცედურული დარღვევები, გარკვეული გადაცდომები ბიუროკრატების მხრიდან, რომელსაც აქვს ადგილი და აღნიშნა, რომ ეს რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

მიხეილ თავხელიძემ კი ყურადღება პოლიტიკურ სცენაზე მოთამაშეების დაპირსპირების მეთოდებზე გაამახვილა. მისი თქმით, ისაუბრა, წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე იმაზე, თუ რა ვითარებაში ჩატარდება არჩევნები. 

"ჩემი აზრით, პირველ ოქტომბერს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი, იქნება საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ დავბრუნდებით უკან, საბჭოთა რეალობაში. ამ თემებზე ვისაუბრეთ შეხვედრისას", - აღნიშნა მიხეილ თავხელიძემ.