წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები

წალენჯიხაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები "ნაციონალებმა" შხამქიმიკატებით მოწამლეს

საარჩევნო ბლოკის "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წალენჯიხის მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ნაჭყებიას პრეს-სამსახურის ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამერიკული პეპლის საწინააღმდეგო შხამქიმიკატით მოიწამლნენ.

 როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ნაჭყებია სოფელ ჯგალში ამომრჩევლებს ხვდებოდა, როცა ამერიკული თეთრი პეპლის შესაწამლი მანქანა გამოჩნდა და ტრიალი მინდვრის შეწამვლა დაიწყო, რათა შეხვედრა ჩაეშალა.

 „იძულებული გავხდით ტერიტორია დაგვეტოვებინა და შეხვედრა სხვაგან გაგვეგრძელებინა, მაგრამ როგორც ჩანს, პეპლის საწინააღმდეგო საწამლავმა ადგილობრივების მოწამვლა მაინც მოასწრო. ათამდე მხარდამჭერს მოწამვლის ნიშნები უკვე ეტყობა - ღებინება დაეწყოთ, თვალები უცრემლიანდებათ და ხორხის არეში წვა აღენიშნებათ", - განაცხადა ნაჭყებიას პრეს-სამსახურმა ბერდია კალანდიამ.

 მისი თქმით, მოწამლულები საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

 თავად,  კოალიციის წალენჯიხის დეპუტატობის კანიდატი გიორგი ნაჭყებია აცხადებს, რომ ხელისუფლება "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ყველანაირი ხერხით ებრძვის.

 „ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ სტადიონის ტერიტორიაზე არცერთი ხე არ იდგა და ირგვლივ არც თხილის ნარგავები იყო. ამ საქციელით ხელისუფლებამ საკუთარი მოსახლეობა "შეწამლა", - განაცხადა ნაჭყებიამ.