„ქართული ოცნების

„ქართული ოცნების" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი დააკავეს

„ქართული ოცნების" ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დარეჯან ჩხეტიანის ინფორმაციით, გუშინ კოალიციის ბოლნისის შტაბის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი ნოვიკ ახაშვილი უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ მან დღეს კოალიციის ბოლნისის შტაბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ჩხეტიანი აცხადებს,  ნოვიკ ახაშვილს და მის ქალიშვილს ელენე ახაშვილს თავს  5 პირი დაესხა, რომლებმაც ნოვიკ ახაშვილი ძალის გამოყენებით ჩასვეს ავტომანქანაში, ხოლო მის ქალიშვილს მობილური ტელეფონი წაართვეს.

მისივე თქმით, პოლიციამ დააკავა და მისი ადგილსამყოფელი კოალიციის წევრებისათვის 4 საათის განმავლობაში უცნობი რჩებოდა.

„შემდეგ კი ადვოკატ თედო კობახიძეს განუცხადეს, რომ დაკავებული გადაყვანილი ჰყავდათ მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში. ჩხეტიანის თქმით, მარნეულის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისულმა კობახიძემ ვერ მიიღო ინფორმაცია, თუ რა იყო ნოვიკ ახაშვილის დაკავების საფუძველი. ამის თაობაზე არაფერი იცოდა თავად დაკავებულმაც. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, არ გადასცეს დაკავების ოქმი, საიდანაც მისთვის და ნოვიკ ახაშვილისთვის ცხადი გახდებოდა, რაში ედებოდა დაკავებულს ბრალი", - განაცხადა ბრიფინგზე დარეჯან ჩხეტიანმა.

მისივე თქმით, ახაშვილის სასამართლო პროცესი დღეს ბოლნისის სასამართლოში უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული დრო მათთვის უცნობია.