ლევან კალანდაძე:   ფართი დასაქმების სანაცვლოდ“ გურიაში ათობით საწარმოს აღდგენის შესაძლებლობას იძლევა

ლევან კალანდაძე: ფართი დასაქმების სანაცვლოდ“ გურიაში ათობით საწარმოს აღდგენის შესაძლებლობას იძლევა

ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოზურგეთის რაიონში ლევან კალანდაძემ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრისას განაცხადა.

ლევან კალანდაძემ დეტალურად ისაუბრა იმ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე, რასაც „მემარჯვენეების“ ახალი ინიციატივა „ფართი დასაქმების სანაცვლოდ“ ოზურგეთისა და მთელი გურიის რეგიონისათვის იძლევა. ამავდროულად, ამ ინიციატივის განხორციელება გურიის რეგიონისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვის მატარებელია, რადგან ამ პროექტით ადამიანების რეალური დასაქმების და ოჯახებისთვის სტაბილური შემოსავლის გაჩენის რეალური შესაძლებლობა ჩნდება.

„მხოლოდ ოზურგეთის რაიონში, 70 საწარმო ფუნქციონირებდა. ეს იყო ჩაის ფაბრიკები, მეღორეობის და მეცხოველეობის ფერმები, წვენების და საკონსერვო საწარმოები, ხილის მიმღები და გადამამუშავებელი პუნქტები, კერამიკული საწარმოები და სხვა. პრაქტიკულად არ იყო დარჩენილი სოფელი, სადაც ერთი ან ორი საწარმო არ იყო და ადამიანები საკუთარ საოჯახო მეურნეობაში საქმიანობის გარდა, სწორედ ამ საწარმოებში მუშაობით იღებდნენ ხელფასს. დღეს ამ საწარმოებისგან მხოლოდ ერთი ფუნქციონირებს. დანარჩენებისგან ცარიელი შენობებია დარჩენილი და ასეთი პოლიტიკის პირობებში მათი აღდგენის და ისევ ამუშავების ერთადერთი პერსპექტივა - „ახალი მემარჯვენეების“ ახალი ინიციატივა „ფართი დასაქმების სანაცვლოდ“არსებობს“ - განაცხადა ლევან კალანდაძემ.

„ახალი მემარჯვენეების“ ინიციატივა „ფართი დასაქმების სანაცვლოდ“  გულისხმობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უმოქმედო საწარმოების, სასაწყობო მეურნეობების, გაუქმებული ფერმების ფართების სიმბოლურ ფასად - 1 კვ. მეტრი 1 ლარად გადაეცეს იმ კომპანიებს, რომლებიც აიღებენ ვალდებულებას ნომინალურ ფასად შეძენილ ყოველ ასეთ 10 კვადრატულ მეტრზე დაასაქმონ მინიმუმ ერთი ადამიანი. საბოლოო ჯამში ეს ნიშნავს, რომ მოკლე დროში ქვეყანაში და, განსაკუთრებით რეგიონებში, დამატებით შეიქმნება ათეულ ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და რეალურად გაიზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც გაუჩნდებათ სტაბილური შემოსავალი.