„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეუთოს დელეგაციას წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად გააცნეს

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ ეუთოს დელეგაციას წინასაარჩევნო ვითარება დეტალურად გააცნეს

„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლებმა ეუთოს დელეგაციას პარტიის აქტივისტებზე ზეწოლის ამსახველი დოკუმენტური მასალა მიაწოდეს. ამის შესახებ პარტიის საერთაშორისო მდივანმა დავით ზალკანიანმა ჟურნალისტებს ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ზალკანიანი აცხადებს, რომ ეუთოს დელეგაციას დეტალურად გააცნეს წინასაარჩევნო სიტუაცია და მათ აქტივისტებზე ზეწოლისა და მედიახელმისაწვდომობის თემები. განსაკუთრებით კი, მისი თქმით, ხაზი გაესვა ფინანსური ანგარიშების დაყადაღების საკითხს.

„ეუთო ძირითადი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება როგორც გრძელვადიანი ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ამის გათვალისწინებით, ამ თვალსაზრისით, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრებს დეტალურად გააცნეს ქვეყანაში შექმნილი ვითარება სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების კონტექსტში.

ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია თბილისს 19 აგვისტოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.