არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ პრესის წინასაარჩევნო მონიტორინგი ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, რამდენიმე ბეჭდურ გამოცემაში ყველაზე აქტიურად კოალიცია „ქართული ოცნების“, პრეზიდენტის და მთავრობის შესახებ გაშუქდა.
მონიტორინგი 10 ჟურნალ-გაზეთზე - „24 საათი“, „რეზონანსი“, „კვირის პალიტრა“, „კვირის ქრონიკა“, „ასავალ-დასავალი“, „ალია“, „ტაბულა“, „თბილისელები“, „გზა“ და „სარკე“ განხორციელდა, სადაც ყურადღება აღნიშნული ბეჭდური მედიის მასალების რაოდენობრივ და თვისობრივ ანალიზს დაეთმო.
კვლევაში ნათქვამია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ ნეიტრალური ტონი ჭარბობს, თუმცა, გვხვდება პოზიტიურად გაშუქების შემთხვევებიც. რაც შეეხება სახელისუფლო სუბიექტებს - პრეზიდენტისა და მთავრობის მიმართ რიგ გამოცემებში ტონი ნეგატიურია.
აღნიშნულ გამოცემებში სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს შორის „ლეიბორისტული პარტია“, „სახალხო კრება“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „თავისუფალი საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ამომრჩეველთა ლიგა“, „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“ და „ახალი მემარჯვენეები“ გაშუქდნენ, მათ შედარებით ნაკლები ფართობი დაეთმოთ“, - ნათქვამია კვლევაში.
რაოდენობრივი მონაცემების გარდა, „სამართლიანი არჩევნები“ პროექტის ფარგლებში ბეჭდურ მედიაში ჟურნალისტების მიერ ისეთი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას აკვირდება, როგორებიცაა ბალანსი, სიზუსტე და სტატიის ენა.
„ამასთან, რიგი გამოცემებისა მეტ-ნაკლებად ცდილობდა დაეცვა ეს სტანდარტები და დაბალანსებულად და ფაქტებზე დაყრდნობით მოეწოდებინა მკითხველისთვის ინფორმაცია, თუმცა, ზოგჯერ გამოცემები გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ ფაქტებსაც ავრცელებდნენ“, - აღნიშნულია კვლევის შედეგებში.
წინასაარჩევნო მედიამონიტორინგი 2012 წლის 11 მაისიდან 13 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს და ის ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.