აფბა: visa-სა და mastercard-ის მფლობელთა ფინანსური ინფორმაციის კონტროლს აპროტესტებს

აფბა: visa-სა და mastercard-ის მფლობელთა ფინანსური ინფორმაციის კონტროლს აპროტესტებს

„visa-სა და mastercard-ის მფლობელების ინტერესების იგნორირება საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ლახავს“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ წარმომადგენლებმა დღეს For.ge -ის პრესკლუბში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადეს, სადაც visa-სა და mastercard-ის მფლობელთა ფინანსური ინფორმაციის კონტროლი გააპროტესტეს.

აფბას წარმომადგენლების ინფორმაციით, მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის უფროსმა, გელა გელაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რომლის მიხედვითაც ნებისმიერ დროს საქართველოს და უცხოეთის ნებისმიერ მოქალაქის მიერ ტრანზაქციის შემოწმების შესაძლებლობის მინიჭებას მოითხოვდნენ. მოსამართლე, ეკა არეშიძემ კი აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და პროკურატურას ბანკებისგან აღნიშნული ინფორმაცია გამოთხოვების უფლება მისცა.

აფბა მიიჩნევს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპების, საბანკო საიდუმლოების და ინფორმაციის კონფიდენციალობის ხელყოფას გამოიწვევს. ეს კი მათი თქმით, ზიანს მიაყენებს როგოც საბანკო სექტორების სანდოობას, ასევე მთლიანად ქვეყნის იმიჯს.

მათი თქმით, ბანკები ამასთან დაკავშირებით პროტესტს იმიტომ არ გამოთქვამენ, რომ ჯერ აღნიშნული ცვლილებით ისინი არ დაზარალებულან. თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ბანკები აქამდეც პასიურობდნენ და დამოკიდებულებას კონკრეტული საკითხების მიმართ არ გამოხატავდნენ.

„მათ მიმართ სოლიდარობაც კი არ იქნა გამოხატული, როცა კონკრეტულად ერთი ბანკი დაზარალდა „ქართუ ბანკის“ სახით. ეს საკითხი ზოგადად პოლიტიზირებულია, თუმცა ასეთი ფაქტი ნებისმიერ დროს შეიძლება სხვა ბანკების მიმართაც განხორციელდეს. ეს კი საბოლოო ჯამში მთელი საბანკო სექტორისთვის საზიანო აღმოჩნდება“, - განაცხადეს ორგანიზაციში.

როგორც აფბას წარმომადგენლები აცხადებენ, სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ მართალია ვერავინ აღუდგება, თუმცა მიიჩნევენ, რომ საბანკო სისტემის საერთო პოზიცია და უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამოღება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ მოუწოდებს საქართველოს ბანკების ასოციაციას და ქართულ კომერიულ ბანკებს ღიად დააფიქსირონ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და დაიცვან როგორც საკუთარი, ისე მთლიანად საბანკო სექტორის სანდოობა და იმიჯი. მსგავს ფაქტებზე პასიური რეაგირებით თავად საბანკო სექტორი დაზარალდება. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ბანკები მკვეთრად უნდა იყონ გამიჯნული პოლიტიკური პროცესებისგან და ზოგადად პოლიტიკისგან. ჩვენთვის მიუღებელია, ბანკები გახდნენ თუნდაც იძულებით, იმ სისტემის ნაწილი, რომლითაც მოსახლეობის კონტროლი მიმდინარეობს. თითოეული გამოუხატავი პროტესტი და კრიტიკა მსგავსი ფაქტების მიმართ, ყველაზე დიდ ზიანს პირველ რიგში თავად საბანკო სექტორს მიაყენებს“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.

აფბა ასევე საქართველოში ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის - მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის წარმომადგენლებს მიმართავს გამოხატოს და დააფიქსიროს თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.