ნაცემ და დაპატიმრებულ ქართველ ადვოკატებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციაც დაიცავს

ნაცემ და დაპატიმრებულ ქართველ ადვოკატებს ევროპის ადვოკატთა ასოციაციაც დაიცავს

ქართველი ადვოკატების მდგომარეობით შეშფოთებული ევროპის ადვოკატთა ასოციაცია, ქართველი კოლეგების პრობლემებზე, 25 ნოემბერს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე იმსჯელებს. მანამდე კი ისინი სპეციალურ მიმართვას გაუგზავნიან ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ. ამის შესახებ პრესა.გე–ს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა, რომელიც 10–11 სექტემბერს, შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში, ადვოკატ დავით ასათიანთან ერთად, ესწრებოდა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებას.

 

ზაზა ხატიაშვილი: ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავი ქალაქ ბაზელში, ერთ–ერთ ციხესიმაგრეში აღინიშნა. ამ ღონისძიებაზე საქართველოდან მე და დავით ასათიანი მიგვიწვიეს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის წევრია?

– არა, ჩვენ ამ ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით ვსარგებლობთ. 31 აგვისტოს, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და ევროპის მასშტაბით 9 არასამთავრობო ორგანიზაციას ღია წერილით მივმართე და ადვოკატების უუფლებო მდგომარეობის გამო რეაგირება მოვთხოვე.

 

ჩემი ღია წერილი ასეთი სიტყვებით დავიწყე – ვინაიდან ჩემი 14–წლიანი საადვოკატო სტაჟის განმავლობაში, ადამიანის უფლებათა დამცველი ადვოკატი ვიყავი,  ადვოკატთა ასოციაციის  თავმჯდომარედ არჩევის  დღიდან დავიწყე ადვოკატის უფლებების დაცვაზე ზრუნვა  და ვცდილობდი როგორმე იძულებული გამეხადა საქართველოში მოქმედი სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმი,  თავი დაენებებინათ ადვოკატის კორპუსის დევნისათვის, მაგრამ ვინაიდან 8–თვიანი სამართლებრივი ბრძოლის შედეგად (მას შემდეგ რაც გავხდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე), დავრწმუნდი იმაში, რომ სააკაშვილის რეჟიმთან სამართლებრივი ურთიერთობა გამორიცხულია, იძულებული ვარ მოგმართოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რათა დაიცვათ საქრთველოს ადვოკატთა უფლებები–მეთქი.

 

ევროპის ადვოკატთა ასოციაციიდან პასუხად მივიღე ის, რომ ჩემი ღია წერილი “პიკოს“, ანუ აღმასრულებელ კომიტეტს წარუდგინეს, რომლის  სხდომა 11 სექტემბერს ჩატარდა; 3–დან ერთი საათი ქართველი ადვოკატების პრობლემებს დაეთმო – კითხვებს მისვამდნენ და მათ ვუხსნიდი, თუ რა საშინელებები ხდება ადვოკატებთან მიმართებაში.

 

ვახშმის დაწყებამდე, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან ჩემი წარდგენისას, მან მითხრა – “აღფრთოვანებულები ვართ ადამიანთა უფლებების თქვენეული დაცვით და ხედვითო...“ და მთხოვა პირველ მაგიდაზე დავმჯდარიყავით, რაც ძალზე სასიამოვნო გახლდათ. ჩემთან და დავით ასათიანთან ერთად, პირველ მაგიდაზე ისხდნენ: ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის კოორდინატორი; აღმასრულებელი კომიტეტის ორი თანათავმჯდომარე და საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი. შეიძლება ითქვას, რომ საჭმელი არ უჭამიათ, პატიმრობაში მყოფ ქართველ ადვოკატთან, მარი იველაშვილთან დაკავშირებით მისვამდნენ კითხვებს.

 

ჰქონდათ ინფორმაცია მარი იველაშვილის შესახებ?

– მე თან მქონდა სტუდია “მონიტორის“ გადაღებული და ინგლისურად გადათარგმნილი ფილმი, მარი იველაშვილზე, რომლის წარდგინებაც მოვაწყვე, ზემოხსენებულ ღონისძიებაზე. მას შემდეგ, რაც მათ შეიტყვეს მარი იველაშვილის შესახებ, იქ მყოფი ადვოკატებიდან, ყველა მათგაინ თავის ენაზე გამოხატავდა აღშფოთებას. მათ კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით ვუთხარი, რომ საქართველოში ადვოკატის ინსტიტუტი საფრთხეშია და გთხოვთ, ამ ინსტიტუტის გადარჩენაში დაგვეხმაროთ–მეთქი.  

 

ასევე აღშფოთება გამოხატეს, როცა შეიტყვეს, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და ადვოკატის პროფესია დევნის ობიექტია, რომ 200–მდე ადვოკატი  მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ბოლოს დავძინე, თუ თქვენ რაიმე ქმედით ზომებს არ მიიღებთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ქმედითი ორგანიზაცია, მოკვდება და ადვოკატთა ინსტიტუტი დასამარდება–მეთქი.

 

კონკრეტულად რითი შეუძლიათ ქართველი ადვოკატების დახმარება?

– 25 ნოემბერს “პიკოს“ სხდომაზე, ქართველი ადვოკატებისა და ჩვენი ასოციაციის პრობლემები ნომერ პირველ საკითხად განიხილება, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარება იქნება. მითხრეს, რომ მანამდე მიმართვას გაუგზავნიან ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც სწორედ იმ საკითხებს შეისწავლის, რაც ჩვენ გვაწუხებს. ვფიქრობ, ეს შედეგიანი იქნება, რადგან არა მგონია ევროპის ადვოკატთა ასოციაციის მიმართვა უყურადღებოდ დატოვონ ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ. 

 

ფაქტიურად გზაში დამაწიეს წერილი –15 სექტემბერს მომწერეს – “ძალიან შევწუხდით მარიამ იველაშვილის ბედით. გთხოვთ, სასწრაფოდ მოგვაწოდოთ დამატებითი ფაქტები, მასთან დაკავშირებითო“.

 

კომისია, რომლის შექმნასაც ევროპელი ადვოკატები მოითხოვენ, მხოლოდ მარიამ იველაშვილის საკითხით დაინტერესდება?

– არა მხოლოდ მარიამ იველაშვილის საკითხით. წერილში, რომლითაც 31 აგვისტოს მათ მივმართე, 4 კონკრეტული ადვოკატის (შალვა ხაჭაპურიძე, მარიამ იველაშვილი, ვალერი ტაბაღუა, კობა სოხაძე) ირგვლივ იყო საუბარი. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა მითხრა – “რაში დაგეხმაროთ, 25 ნოემბრამდე კიდევ რა შეიძლება გავაკეთოთო?!“

 

საქართველოში ევროკავშირის და ევროპის საბჭოს  წარმომადგენლობებს მივმართე,

ადვოკატების უფლებების დარღვევაზე; წერილში პირდაპირ ჩავუწერე –  სააკაშვილის ანტიდემოკრატიული რეჟიმი... ყველა ფრაზაში ჩანს საქართველოს ხელისუფლების ანტიდემოკრატიული დამოკიდებულება...

 

რა შედეგი მოჰყვა თქვენს მიმართვას?

– სამშაბათს ევროკავშირის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლობებში პირველ პირებს, ანუ ელჩებს უნდა შევხვდე. ჩემთან ერთად მოდიან ნაცემი ადვოკატები. ამ შეხვედრაზე მათი დასწრება ჩემი პრინციპული მოთხოვნა იყო; სწორედ ამ ადვოკატებს უნდა უთხრან, კონკრეტულად რა ზომების მიღება შეუძლიათ, ლამაზი განცხადებების კეთების გარდა.

 

დღეს ვრწმუნდები რამხელა ძალა შეიძლება ჰქონდეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უბრალო მიმართვას და ახლა ვხვდები სააკაშვილის რეჟიმს რატომ არ უნდოდა  ზაზა ხატიაშვილი გამხდარიყო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

 

ის, როდესაც გამორჩეულად მიმიწვიეს ევროპის ადვოკატთა ასოციაციის 50 წლისთავზე, ჩემთვის ძალიან დიდი დაფასება და პატივია. ასევე სასიხარულოა ის გამორჩეული მოპყრობა, რომელიც საქართველოს დელეგაციასთან მიმართებაში გამოხატეს. მითხრეს – “პირადად თქვენ ხომ არაფერს გიშავებენ, რომ მივიღოთ ზომები თქვენი სიცოცხლის დაცვის მიზნითო“. პასუხად მადლობა გადავუხადე და ადვოკატთა ასოციაციის წევრების დაცვაში დახმარება ვთხოვე – მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ, ჩემს დაცვაზე ზრუნვა ზედმეტია–მეთქი.

 

ის რომ “პიკოს“ სხდომაზე ჩვენი საკითხი დღის წერიგში შეიტანეს, ძალიან დიდი დაფასება იყო. ამ ყველაფერში ძალიან დამეხმარა დავით ასათიანი. მის გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ძალიან მიხარია, რომ იგი არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, რომ დაიცავენ ადვოკატის უფლებებს. დავით ასათიანის მხრიდან გმირული ნაბიჯი იყო, რომ დაეხმარა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს იმაში, რაც გაკეთდა.

 

ფაქტი ისაა, რომ 4 წელია ევროპის ადვოკატთა ასოციაციაციაში დამკვირვებლის სტატუსი გვაქვს და ჩვენთან არსებული ვითარების ირგვლივ ევროპელ ადვოკატებს აქამდე არასდროს უმსჯელიათ. ყინული დაიძრა და ვიმედოვნებ, ამ ფაქტს შედეგიანი ნაბიჯები მოჰყვება. სანამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ვარ, ადვოკატების დევნის, შევიწროებისა და მათზე განხორციელებული ფიზიკური ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით გაჩუმებას არ ვაპირებ.