„განახლებული საქართველოსათვის“ წევრებისა და თანამშრომლების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს უარყოფს

„განახლებული საქართველოსათვის“ წევრებისა და თანამშრომლების მიერ პარტიის დატოვების ფაქტს უარყოფს

„განახლებული საქართველოსთვის“ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც მათი  მხარდამჭერებისა და თანამშრომლების მიერ პარტიის დატოვებას უკავშირდება, არ ადასტურებს. ამასთან დაკავშირებით პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლაშა გვასალიას მიერ პარტიიდან წასვლა გამონაკლისი შემთხვევაა. პარტიის არცერთ სხვა მხარდამჭერს კი მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

„პარტია კატეგორიულად უარყოფს ბოლო პერიოდში სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარტიას მხარდამჭერები და თანამშრომლები ტოვებენ. ვადასტურებთ, რომ პარტია საკუთარი ნებით დატოვა ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა გვასალიამ, თუმცა ეს გამონაკლისი შემთხვევაა და პარტიის არც ერთ მხარდამჭერს ამ წუთამდე წასვლის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ბოლო დღეებში პარტიის აწ უკვე ყოფილი წევრის, ლაშა გვასალიას გვერდით ჩნდებიან და ჩვენი პოლიტიკური გუნდის დაშლის შესახებ მცდარ ინფორმაციებს ავრცელებენ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ისინი ან საერთოდ არ ყოფილან პარტიასთან კავშირში ან თავად ლაშა გვასალიას მიერ იქნენ დათხოვნილი რამდენიმე თვის წინ.

პოლიტიკური პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ აქტიურად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის და მისი საქმიანობის შეწყვეტა ან შეფერხება არც ერთ ძალას არ შეუძლია“,-აღნიშნულია განცხადებაში.