დღეს  „Pussy Riot“-ის განაჩენის გამოტანის დღეა (VIDEO)

დღეს „Pussy Riot“-ის განაჩენის გამოტანის დღეა (VIDEO)

დღეს,  „Pussy Riot“-ის განაჩენის გამოტანის დღეა. ნიუ-იორკში, ლონდონში, ვილნიუსში და მსოფლიოს კიდევ  30 ქალაქში, სასამართლო პროცესის პარალელურად „Pussy Riot“-ის მხარდამჭერი აქციები გაიმართება.

საერთაშორისო სამოქალაქო თავისუფლებათა ფონდის ლიდერმა, გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვში, სასამართლოს შენობისთან, სადაც დღეს  გოგოებს განაჩენს გამოუტანენ, ბევრი ხალხი შეიკრიბება.

ცნობილი მწერალი ბორის აკუნინი  „Pussy Riot“-ის მომხრეებს სასამართლოსთან  მისვლისკენ მოუწოდებს, და მათგან არა მარტო ინტერნეტში, ვირტუალურ პროტესტს მოითხოვს, არამედ პირად დასწრებას. „ჩემი თვალსაზრისით, ახლა სწორედ ის ვითარებაა, როდესაც არმისვლა არ შეიძლება“-ამბობს მწერალი.

გოგონების დამცველ მრავალრიცხოვან არმიას კულტურის მოღვაწეებიც შეურთდნენ. შოუ ბიზნესის წარმომადგენლებიდან გოგონათა ჯგუფს მხარდაჭერას უცხადებენ: მადონა, სტინგი, ბიორკი, Faith No More, Franz Ferdinand, Red Hot Chili Peppers, გუშინ მათ შეუერთდა ლეგენდარული „ბითლზის“ წევრი პოლ მაკარტნი, რომელმაც გოგონებს პირადი წერილი გაუგზავნა, თანაგრძნობა გამოხატა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ხელისუფლება დაიცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპს. „მე დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება დაიცავს სიტყვის თავისუფლების პრინციპს და არ დაგსჯით  პროტესტის გამო. ცივილიზებულ  სამყაროში ბევრ ადამიანს აქვს  საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება, თუ ამას არავისთვის  მოაქვს ზიანი. მე დარწმუნებული ვარ,  ეს არის საუკეთესო პრაქტიკა ნებისმიერი საზოგადოებისათვის. მჯერა - თქვენ ძლიერებად დარჩებით და ვიმედოვნებ, რომ  მე, ისევე, როგორც ბევრი სხვა ადამიანი, ვისაც ჩემსავით სწამს თავისუფალი სიტყვისა, გავაკეთებთ ყველაფერს,  რათა მხარი დაგიჭიროთ  თქვენ და თავისუფალი შემოქმედების პრინციპს!“-ნათქვამია პოლ მაკარტნის წერილში.

 „Pussy Riot“-ის მხარდასაჭერი კამპანია თბილისშიც დაიწყო. რუსული ფემინისტური პანკ-როკ ჯგუფის სამი წევრი მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გამართული პერფორმანსისთვის - „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი” - 2012 წლის მარტიდან პატიმრობაში იმყოფება.