„დემოკრატიულმა მოძრაობამ“  საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვა,  პარტია არჩევნებში  მონაწილეობას არ მიიღებს

„დემოკრატიულმა მოძრაობამ“ საკუთარ პოლიტიკურ ამბიციებზე უარი თქვა, პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“  საქართველში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  განცხადების თანახმად,   „დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კანონით დღეისათვის გათვალისწინებული ყველა საჭირო პროცედურა გაიარა,  რამდენიმე დღის წინ მიენიჭა საარჩევნო ნომერი, პარტიის აქტივისტებისა და მხარდამჭერთა მიერ შეგროვებულ იქნა 35 ათასამდე მეტი ხელმოწერა, თუმცა იმის გათვალისიწინებით, რომ   ქვეყანაში უმძიმესი საარჩევნო გარემოა, რომელიც მათი თქმით, კიდევ და კიდევ უარესდება  „დემოკრატიული მოძრაობა“ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

„საქართველოს მოქალაქეებისა და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს სამართლიანი მოთხოვნის მიუხედავად, დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა უმძიმესი საარჩევნო გარემოს ჩამოსაყალიბებლად, რომელიც ყოველდღიურად  კიდევ უფრო უარესდება. დიახ, ხელისუფლებას არჩევნების გაყალბება დიდი ხანია დაწყებული აქვს. მისი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევების შედეგების პერიოდული გამოქვეყნებით ახლა მიმდინარეობს მოსახლეობის და საერთაშორისო თანამეგობრობის  წინასწარი შეგუება ნაციონალური მოძრაობის „გარდაუვალ გამარჯვებასთან“. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ პროგნოზი იმის შესახებ, რომ არსებული ხელისუფლება არსად წასვლას არ აპირებს და შესაბამისად არ დაუშვებს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნების ჩატარებას.სამწუხაროდ ჩვენი პროგნოზი ამჯერადაც მართლდება, რასაც პრეზიდენტის ბოლო დროინდელი გამონათქვამებიც ადასტურებს. პრეზიდენტისა, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის დემოკრატიული ცვლილებების გარანტი ყოფილიყო, ცდილობს შეინარჩუნოს და გაამყაროს მის მიერ შექმნილი მოდერნიზებული ბოლშევიზმი“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ხაზგასმით აცხადებს, რომ შექმნილ კრიტიკულ ვითარებაში სამშობლოს გადარჩენის ერთადერთი გზა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის დამარცხებაა. ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს პარლამენტში რეალურად ოპოზიციური ძალების უმრავლესობით მოსვლა და სისტემური ცვლილებების უზრუნვეყოფა ავტოკრატული რეჟიმის მძვიდობიანი დემონტაჟის მიზნით. სწორედ ამ შედეგს ელის დღეს საქართველოს მოსახლეობის, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა და მეგობარ სახელმწიფოთა დიდი ნაწილი.

განცხადების თანახმად, მიუხედავად ამისა, დღეს ოპოზიციის და მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც სჯერა, რომ ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ან კოალიციას შესწევს უნარი არჩევნებში დაამარცხოს არსებული რეჟიმი.

„დემოკრატიული მოძრაობა“ ანგარიშს უწევს საზოგადოების დიდი  ნაწილის პოზიციას.  ჩვენ ამ ეტაპზეც უარს ვამბობთ საკუთარ  პოლიტიკურ ამბიციებზე, რათა არ შევუწყოთ ხელი ოპოზიციურ ფლანგზე ერთმანეთისათვის ხმების წართმევას.  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პარტიული სტრუქტურები და აქტივისტები მზად არიან არჩევნებში მონაწილეობისათვის პარტიამ მიიღო მძიმე, მაგრამ  ამ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება - არ მივიღოთ მონაწილეობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში,  აღნიშნული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს არჩევნების ბოიკოტს. მით უფრო არ გულისხმობს „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ ბრძოლის შეწყვეტას“, - ნათქვამია „დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე ისინი, მოუწოდებენ   საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ 1 ოქტომბერს  აუცილებლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მხარი დაუჭირონ არსებული რეჟიმის დამარცხებას.

„არ მისცენ ხელისუფლებას საკუთარი პასიურობით  ხმებით მანიპულირების საშუალება. ამასთან, იმედს ვიტოვებთ, რომ რეალურ ოპოზიციურ ძალებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ხალხის მოთხოვნა და მოლოდინი. ჩვენ ასევე მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, უცხოელ დამკვირვებლებს:  მათ ამ არჩევნებში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ. უმნიშვნელოვანესია, რომ დროულად მიეცეს შეფასება კონკრეტულ დარღვევებს და არა რამდენიმე თვის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნებში“, - ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.