ზვიად ძიძგური: კოდორი, ახალგორი, სამაჩაბლოს ორი მესამედი, სააკაშვილის  პოლიტიკური ცანცარობის შედეგად დაიკარგა

ზვიად ძიძგური: კოდორი, ახალგორი, სამაჩაბლოს ორი მესამედი, სააკაშვილის პოლიტიკური ცანცარობის შედეგად დაიკარგა

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზვიად ძიძიგური მიხეილ სააკაშვილის ფოთის ნავსადგურში გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რომ პუტინის ადვოკატები თავს უხერხულად უნდა გრძნობდნენ, From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ სააკაშვილის რეალური დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოჩნდა იმ უცხოურ გამოცემაში, ვისაც განუცხადა-დიდი ამბავი, მხოლოდ ორ რაიონზე დავკარგეთ იურისდიქციაო.

„სააკაშვილმა რაც არ უნდა ილაპარაკოს, კოდორის ხეობა, ახალგორის რაიონი, სამაჩაბლოს ორი მესამედი ტერიტორია, მისი პოლიტიკური ცანცარობის შედეგად დაიკარგა. როდესაც მან კოდორის ხეობას ზემო აფხაზეთი დაარქვა და ახალგორის რაიონს სამხრეთ ოსეთი, ამის შედეგია ეს ყველაფერი.  რუსეთმა წაიღო ის ტერიტორიები, რაც შევარდნაძეს გადაურჩა და თითის გამოშვერა სხვა პოლიტიკოსებისკენ სააკაშვილს ვერ გადაარჩენს, რადგან ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა. ერთადერთი ძალა, რომელსაც საქართველოს გამთლიანებისთვის  რეალური ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ,პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნებაა“, სააკაშვილი, რომელსაც ექსპლუატაცია უკვე გაუვიდა, უნდა გადადგეს.

სააკაშვილი თუ ასეთი მაგარი ბიჭი და რაინდია და ქართველი ბიჭების სისხლს არავის შეარჩენს, რატომ მოიქცა მაშინ ასე? ასეთი მუშტების ბრაგაბრუგით დაკარგა მან საქართველოს ტერიტორიები.

ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან ინტერვიუში, კოდორისა და ახალგორის შესახებ მან განაცხადა, რომ დიდი ამბავი, ორ რაიონზე დავკარგეთ იურისდიქციაო . ეს მისი რეალური დამოკიდებულებაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და არა ის, რასაც ლაპარაკობს“,-აცხადებს ზვიად ძიძიგური