გია ხუხაშვილი: 2008 წლის 10 აგვისტოს გორის გუბერნიას დიდი ბოქლომი ედო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ

გია ხუხაშვილი: 2008 წლის 10 აგვისტოს გორის გუბერნიას დიდი ბოქლომი ედო და ჩიტები ჭიკჭიკებდნენ

საქართველო აგვისტოს ომის დროს დაღუპულ მეომართა ხსოვნას ორი დღეა პატივს მიაგებს. რატომ ეკიდა გადამწვარ გორში გუბერნიას დიდი ბოქლომი 4 წლის წინ აგვისტოში, გააჩნდათ თუ არა სტრატეგია ქართველ მეფეებს მტერთან ბრძოლაში და რამდენი წელი უნდა ველოდოთ რუსეთის დაშლას? From.ge ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.  

2008 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას პრიორიტეტად დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება არა თუ არ დაუსახლებია, საერთოდ შეწყვიტეს ამაზე საუბარი.

- თვითონ ამ ხელისუფლების უგუნური ქმედებების გამო, დაკარგული ტერიტორიების პრობლემის მოგვარების გადაწევა ხდება. დანაშაულის მიფარცხვა, დავიწყება და მეორე პლანზე გადაწევა - ეს არის ხელისუფლების ამოცანა. როდესაც ჩვენ 2008 წელს გვახსენებენ, ჩვენ სხვა კადრებიც გვახსოვს-ჰალსტუხისა და გორის დამთრგუნველი კადრები მთავარსარდლის მონაწილეობით.  ხელისუფლება ამ პრობლემის უკანა პლანზე გადაწევას ცდილობს  იმიტომ, რომ დანაშაულის დაფარვა დამნაშავის ბუნებრივი ქცევაა.

ყველაზე ცინიკური ის გახლავთ, რომ სააკაშვილმა ყველას მოუწოდა ამ ორ დღეს პოლიტიკური პიარისგან თავი შეეკავებინათ და მის მოწოდებას ყველა პარტია ასრულებს, მის გარდა. ის ორი დღეა ეკრანებზე ჩანს, ხან ცრემლებითაც კი. მათი მხრიდან ადეკვატური საქციელი იმ დაშვებული შეცდომების მონანიება იქნებოდა, რამაც 2008 წლის აგვისტომდე მიგვიყვანა. თუნდაც, იმ სიის გამოქვეყნება, ვინ იდგა აგვისტოს დღეებში წითელ ხიდზე და საზღვარზე გადასასვლელად.

 ქართველი ერი მართლმადიდებელი ერია და ყველაზე კარგი მონანიება და ბოდიშის მოხდა იქნებოდა. ამის მაგივრად, ხელისუფლება აგრესიას საკუთარი ხალხის მიმართ ამჟღავნებს, თითქოს ჩვენ ვიყოთ რაიმეში დამნაშავე.  იმ დღეებში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული თითოეული ადამიანის სიცოცხლე მათ კისერზეა, რადგან ხელისუფლებაც თანამონაწილეა ამ ტრაგედიის. 

2008 წლის 10 აგვისტოს მე და ლაშა ტუღუში გორში რომ ვიყავით, ქალაქის გუბერნიას დიდი ბოქლომი ედო და ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი იქ არ იმყოფებოდა. პროზექტურაშიც ვიყავით, ბიჭების ცხედრები ჯერ გაციებულიც არ იყო და ხელისუფლებას ისინი უკვე მიტოვებული ჰყავდა.  ეს იყო რეალური სურათი, რაც სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვნახე.

-პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას ისევ ქართველ შადიმანებზე დაიწყო საუბარი, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა და ქვეყნის არევა სურთ. რამდენად მართებული იყო ხელისუფლის ეს გამოსვლა გუშინდელ დღეს?

-სააკაშვილმა გუშინდელი  საუბრისას თან საქართველოს ისეთი ავტორიტეტები მოიშველია-ქაქუცა, ცოტნე. სააკაშვილი საუბრობდა, რომ საქართველოს მეფეები და გმირები, ყურადღებას არ აქცევდნენ, რამდენად ძლიერი იყო მტერი, შეიძლებოდა თუ არა შებრძოლება, თვალდახუჭულები ეშვებოდნენ მტერთან ბრძოლაშიო. არ ვიცი, ამას სისულელის გარდა, რა დავარქვა.  სწორედ საქართველოს მეფეები გახლდნენ დიდი სტრატეგები, რომლებიც უთანასწორო ბრძოლების სტრატეგიებს ზუსტად თვლიდნენ. სააკაშვილი საქართველოს ისტორიას ისაკუთრებს. ადრე თუ ამბობდა, რომ საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყებოდა, ახლა მიხვდა, რომ ამის საუბარი უგუნურებაა და ახლა თავის მენტალიტეტზე დაიწყო მისი მორგება. იმ დიდ ადამიანებს აწერს უგუნურ ფსიქოლოგიას, რაც თვითონ გააჩნია.

„ქართულ ოცნებას“ ძირითად პრიორიტეტებად ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკას აქვს დასახელებული. მერამდენე ადგილი აქვს დათმობილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას?

-საერთოდ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება რეიტინგებით  არ უნდა იზომებოდეს. ამას განსაკუთრებული ადგილი უკავია და მისი ფასი განუზომელია. თუ სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, განათლების ფასი ქვეყნისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია, ტერიტორიების ფასი განუზომელია და ამის რეიტინგული გაზომვა, ვფიქრობ ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელიც იქნებოდა.  ეს ყველაზე მტკივნეული და ყველაზე უპირველესი საკითხია.

სააკაშვილმა გუშინდელ გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენ რუსეთთან მოლაპარაკებებს ჩვენი ეროვნული ინტერესების დათმობის ხარჯზე არ დავიწყებთო. აპირებს „ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დათმობას? 

-სააკაშვილი მხოლოდ თავისთვის და ზოგიერთი თავისი თანაგუნდელის ტვინის ასარევად საუბრობს ასე, თორემ  ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ეს ასე არ არის. სწორედ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებაზეა საუბარი, როდესაც რუსეთთან რაღაც მოლაპარაკებებზე ვსაუბრობთ. მოყვარესთან საუბარს არაფერი არ უნდა, მტერს უნდა მოელაპარაკო, რომ პრობლემები მოაგვარო. სააკაშვილის რიტორიკა ძალიან დრომოჭმულია და ქართული საზოგადოება ამას აღარ „ჭამს“. მეორე კურიოზი მის გამოსვლაში გახლდათ ის, რომ სააკაშვილმა განაცხადა, რუსეთი რომ დაინგრევა, მერე დავიწყებთ მასთან მოლაპარაკებებსო. თუ ჩვენ რუსეთის დანგრევას ველოდეთ, კიდევ 200 წელი შეიძლება გავიდეს, რომ ჩვენი პრობლემები გადავწყვიტოთ. აპელირება იმაზე, რომ რუსეთი შეიცვლება და ჩვენ მერე დავიწყებთ მასთან მოლაპარაკებებს, სისულელეა. რუსეთი იყო და დარჩება ისეთი, როგორიც არის, ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს. აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული გავხდებით მასთან მოლაპარაკებები დავიწყოთ.

ილუზია იმის, რომ რუსეთში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა და სააკაშვილი მერე მოაწესრიგებს პრობლემებს, კლასიკური აბსურდია. ვინც არ უნდა მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, მათი იმპერიული ზრახვები არსად არ წავა.

ქართული მედიით გაპიარებულმა სერგეი ნავალნიმ, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მოსწონს და ეტყობა მის მოსვლას ელოდება, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ხელისუფლებას წერილი მისწერა, სადაც პირდაპირ თბილისზე თავდასხმას სთხოვდა და ეს წერილი შეგიძლიათ თქვენ თვითონ ნახოთ. პუტინსაც კი არ განუცხადებია ეს ხმამაღლა. ამ ნავალნის იმედი აქვს სააკაშვილს? ეს არის სააკაშვილის ნამდვილი სახე. ანტიპუტინი პრობლემის გადაწყვეტას არ ნიშნავს. ჩვენ მტერთან სწორ ენაზე საუბარი უნდა ვისწავლოთ, თუ გვინდა პრობლემები მოვაგვაროთ.