პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

 აგვისტოს ომის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღწერილია მსხვერპლი და ის ზარალი, რომელიც ომმა საქართველოს მოსახლეობას მიაყენა. ასევე, აშშ-ის ადმინისტრაციისა და  ევროკავშირის მაშინდელი მოქმედი თავმჯდომარის, საფრანგეთის  პრეზიდენტის აქტიური ძალისხმევა ომის შეჩერებასა და დეოკუპაციასთან დაკავშირებით მიღებულ შეთანხმებაზე.

,,2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან განვლილი ოთხი წლის მანძილზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ოფიციალურად აღიარა ევროპარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ და აშშ-ის სენატმა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების  პოზიცია 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებთან დაკავშირებით სულ უფრო თანმიმდევრული და მკაფიო ხდება, რაც ქმნის სამართლებრივ წინაპირობას იმისათვის, რომ  კრემლმა არა მხოლოდ 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს და  მთლიანად გაიყვანოს  ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ კომპენსაციაც გადაიხადოს  საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გამო,“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომისია  გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველი ობიექტური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის ქმედებებს, რაც საშუალებას მისცემს მას გამოიყენოს გაეროს წესდების დღემდე აუმოქმედებელი 27-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც,          ,,უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საკითხზე მიღებულად ითვლება, როდესაც მათთვის მიცემულია უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის თანხვედრი ხმა, საბჭოს ყველა მუდმივი წევრის ჩათვლით, ამასთანავე, დავის მონაწილე მხარემ მეოთხე თავისა და 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თავი უნდა შეიკავონ გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრისგან“.

კომისია იმედოვნებს, რომ გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში, განახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ახალი სამშვიდობო ფორმატისა და ინტერაციონალური სამშვიდობო კონტიგენტის შესაქმნელად.