ტომარაძე : თურქეთში მცხოვრები ქართველები  ივანიშვილს თურქეთში ჩასვლას სთხოვენ

ტომარაძე : თურქეთში მცხოვრები ქართველები ივანიშვილს თურქეთში ჩასვლას სთხოვენ

აღმოსავლეთმცოდნე, მწერალი და მთარგმნელი ქეთევან ტომარაძე აცხადებს, რომ თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის თხოვნაა, წინასაარჩევნოდ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენ თანამემამულეებთან  მუშაობა გააქტიურდეს.

from.ge–სთან საუბარში ქეთევან ტომარაძემ განაცხადა, რომ მას  ემიგრანტთა სახელით თურქეთში მცხოვრებ ქართველების ერთი  ჯგუფი შეეხმიანა და  დახმარება სთხოვა.

„ჩვენი მეგობარი, მეზობელი თურქეთი განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს  საქართველოში  არჩევნებთან დაკავშირებული  მოვლენების განვითარებას. თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის,  ბოლო 20  წლის მანძილზე სხვადასხვა მიზეზებით რომ  აღმოჩნდნენ უცხო მიწაზე,  ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.  ეს ფაქტი  მათ ქვეყნის პროგრესული განვითარებისკენ  შებრუნებისა და ახალი ცხოვრების დაწყების  იმედს უსახავს. თურქეთის ქართველობა საღად უყურებს და ადექვატურად აფასებს  შექმნილ ვითარებას. არჩევნების თემა აქტუალურია „თურქეთელი  ქართველებისთვისაც“, როგორც ისინი  უწოდებენ თავიანთ თავს, ანუ  თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის, ვისაც საუკუნეების მანძილზე  იდენტობა არ დაუკარგავს.  როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, ბევრმა მათგანმა ორმაგი მოქალაქეობა მიიღო. ამგვარ ფუფუნებას, ცხადია, მოკლებულნი არიან არალეგალი ემიგრანტები, რომლებიც შიშით უყურებენ ყოველი დღის გათენებასა და მომავალს“, - აღნიშნა ტომარაძემ. .

მისივე თქმით, თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლების ნაწილი რეალურ საფრთხედ მიიჩნევს იმას, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქეთის  ქართველობის  უმრავლესობა მხარს  არსებულ ხელისუფლებას დაუჭერს და  ხმას მისცემს მიხეილ სააკაშვილის გუნდს.

„ქართული დიასპორის თხოვნაა,  გააქტიურდეს მუშაობა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან მათი  ინფორმირებულობის მიზნით. სტამბოლში უკვე გაიხსნა  „ქართული ოცნების“ ოფისი, რაც მისასალმებელი  პრეცედენტია. მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, ბიძინა ივანიშვილი პირადად ჩავიდეს თურქეთში, შეხვდეს იქაურ ქართველებს და წარუდგინოს თავისი პროგრამა, რაც, სავარაუდოდ,   ურთიერთსასარგებლო, ცივილიზებული თანამშრომლობის გარანტად იქცევა და მოხსნის  მრავალ კითხვის ნიშანს, რაც დღეს აწუხებს ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, რეალური დემოკრატიული პროცესების გაღრმავება და   ახალ საფეხურზე გადასვლა“, - აღნიშნა ქეთევან ტომარაძემ.