გიორგი ტუღუში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს წინადადებით მიმართავს

გიორგი ტუღუში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს წინადადებით მიმართავს

სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს წინადადებით მიმართავს. შესაბამის განცხადებას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

From.ge სახალხო დამცველის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს სახალხო დამცველმა გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების წინადადებით  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართა.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა ბრალდებულ მელიქ რაისიანის ადვოკატმა. სახალხო დამცველის აპარატში წარმოდგენილი მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელ თენგიზ მაისურაძის მიერ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მელიქ რაისიანისა და მისი ადვოკატის თეიმურაზ კუტივაძის ბრალდების მხარისაგან მტკიცებულებათა შესახებ ინფორმაციის მიღების კანონიერი უფლების დარღვევას.

ადვოკატი თ.კუტივაძე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულ მელიქ რაისიანის ინტერესებს იცავს 2012 წლის 28 მაისიდან. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს მესამე სამმართველო. განმცხადებლის განმარტებით, საქმეს იძიებს ფინანსური პოლიციის გამომძიებელი თენგიზ მაისურაძე. 2012 წლის 27 მაისს აღნიშნულ საქმეზე მ.რაისიანს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება. ვინაიდან მ.რაისიანი თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, დადგენილება მისი ბრალდების შესახებ გადაეცა სავალდებულო წესით დანიშნულ ადვოკატს. დაცვის მხარეს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, გადაეცა იმ დროისათვის ბრალდების მხარესთან არსებული სრული ინფორმაცია და შესაძლო მტკიცებულებების ასლები.

28 მაისს საქმეში ჩაერთო ადვოკატი თ. კუტივაძე, რომელმაც 29 მაისს წერილობით მიმართა გამომძიებელ თ.მაისურაძეს ბრალდებულ მ.რაისიანის ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა ასლების გადაცემის მოთხოვნით. ადვოკატ თ.კუტივაძეს გადაეცა ინფორმაცია და ასლები მხოლოდ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მოპოვებულ იქნა ბრალდების მხარის მიერ სავალდებულო წესით დანიშნული ადვოკატისათვის მასალების გადაცემის შემდგომ პერიოდში.

ბრალდებულ მ.რაისიანის ადვოკატის მოთხოვნა მიზნად ისახავდა მისი კლიენტის ბრალეულობის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას და მ. რაისიანის ინტერესების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, რისი საშუალებაც მას საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა არ მისცა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქმის მწარმოებელმა გამომძიებელმა დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რადგან კანონის თანახმად სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ის ინფორმაცია, რომლის  მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც ბრალდების მხარე აპირებს. ასავე აღსანიშნავია, რომ კანონი ითვალისწინებს იმ მომენტისათვის არსებული მასალის სრული მოცულობით გადაცემის ვალდებულებას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.