პარტია „თავისუფალი საქართველო“ აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებისას გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. პარტია აღნიშნულის შესახებ, განცხადებას ავრცელებს
პარტია მიიჩნევს, რომ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის, აუცილებელია ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ეროვნული ძალები, რომლებიც, ნაცვლად უცხო ქვეყნის მთავრობების დირექტივებისა, იხელმძღვანელებენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებით.
„4 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების შემდეგ. 4 წლის წინ ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი განახლდა, რასაც მოჰყვა რეგიონში რუსეთის რეგულარული არმიის შემოსვლა.
აგვისტოს ომს მოჰყვა უამრავი უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი, როგორც ქართველ, ასევე ეთნიკურად ოს საქართველოს მოქალაქეებს შორის. დაიღუპა ასობით სამხედრო მოსამსახურე. 250.000-ზე მეტ ადამიანს მოუწია საკუთარი საცხოვრებლის დატოვება.
2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად, საქართველომ კონტროლი დაკარგა კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. დღეს არსებული ვითარებით, საქართველოს იურისდიქცია არ მოქმედებს ქვეყნის 20%-ზე“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.