პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ირაკლი სესიაშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მეოთხე წლისთავის შეფასებისას აცხადებს, რომ მომხდარი ჩვენი ქვეყნისთვის ტრაგედია და ისტორიაში შავი ლაქაა.
სესიაშვილის განცხადებით, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ რუსეთის აგრესიაზე, ოკუპაციაზე და მის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ მისი მთავარი კრიტიკა ხელისუფლებას უკავშირდება.
„მომხდარი ტრაგედიის დიდი წილი ხელისუფლებაზე მოდის. იმ პრინციპის გათვალისწინებით, რომ შენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე, შენ უნდა იყო ორიენტირებული. ჩვენი ხელისუფლება უნდა ყოფილიყო ქვეყნის სადარაჯოზე, უნდა გამოგვეჩინა ყველა სიბრძნე და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება უნდა შეგვძლებოდა. სააკაშვილის ხელისუფლება ერთ- ერთი ყველაზე უგუნური ხელისუფლებაა, რომელიც ამ ქვეყნას როდისმე ჰყოლია. მათ ფაქტობრივად, რუსული სცენარით იმოქმედეს და ნებსით თუ უნებლიეთ რუსულ მიზნებს აბსოლუტურად დაჰყვნენ “, - განაცხადა სესიაშვილმა და აღნიშნა, რომ „ხელისუფლება დღესაც პუტინის გეგმას მიჰყვება“.
სესიაშვილის თქმით, ომს იწყებენ არა სამხედროები არამედ, პოლიტიკოსები და აცხადებს, რომ სწორედ, არასწორმა პოლიტიკამ მიგვიყვანა ომამდე.
„ამ პოლიტიკის ავტორები კი, სააკაშვილი და მისი კამანდა იყვნენ“, - აცხადებს სესიაშვილი.
მისი თქმით, რა შეცდომებითაც ომამდე მივედით, ეს არ იკმარეს და ომის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ მეტი შეცდომა დაუშვა.
„მას ამ პრობლემების მოსაგვარებლად ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს. ვერც გადადგამს, რადგან ამ ხელისუფლებას ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად ადეკვატური ნაბიჯების გადადგმისთვის უნარი, პოტენციალი და რესურსი არ გააჩნია. რუსეთი რომ ჩვენი მტერია, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ის, რომ რუსეთთან დიალოგი გვჭირდება იმიტომ რომ ისევ და ისევ ჩვენი პრობლემები მოვაგვაროთ, ეს სააკაშვილის გარდა ყველას ესმის. ჯერ პირობები წამოაყენა თუ არ გავლენ დიალოგს არ დავიწყებო, შემდეგ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ისე მისცა წევრობის უფლება რუსეთს, ჩვენს ქვეყანას ერთი სარგებელი არ უნახავს გარდა, იქეთ-აქეთ სააკაშვილის კუნტრუშისა“, - განაცხადა სესიაშვილმა.
სესიაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ცდილობს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაგვავიწყოს.
„ ამას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნება“. ჩვენთვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილი და იქ მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან. ჩვენ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დავიბრუნებთ, როგორც ტერიტორიულად, ასევე ამ ხალხს დიდ ქართულ ოჯახში დავაბრუნებთ“, - განაცხადა სესიაშვილმა.