„ქართუ ჯგუფის“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელის ალა კახნიაურის განცხადებით, შპს „ბურჯში“ გუშინ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება სამართლებრივი სივრციდან გასულია.
„ცნობილი გახდა, რომ „ბურჯის“ თანამშრომლების მიმართ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ახლა იმის ნაცვლად, რომ სიტუაციაში გარკვეულიყვნენ და სიმართლე დაედგინათ, რომ ფაქტობრივად, ჩვენი საკუთრების მიტაცება უკანონოდ მოხდა, ჩვენ გვემუქრებიან. ასეთ ვითარებას აქვს ადგილი“, - განაცხადა კახნიაურმა.
კახნიაურის თქმით, შპს „ბურჯის“ მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახურში ამჟამად დაცვის პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ჩაკეტილია მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახურის კარი და იქ შესვლის საშუალება არავის არ ეძლევა.
შპს „ბურჯის“ მექანიზაციისა და ტრანსპორტის სამსახურში აღსრულების ბიურო გუშინ შევიდა. გუშინვე შევიდა აღსრულების ბიურო შპს „ბურჯის“ კიდევ ერთ ობიექტში - ორხევის სასაწყობე მეურნეობაში, რომელიც ამ დროისთვის დაკეტილია.
გუშინვე შპს „ბურჯის“ სამგორის ოფისიდან ავტოტრანსპორტი გაიყვანეს. კახნიაურის თქმით, წუხელ ღამით აღსრულების ეროვნული ბიუროს, პატრულის თანამშრომლებმა და შავ ფორმაში ჩაცმულმა პირებმა, რომლებიც კახნიაურისთვის უცნობ სამსახურს წარმოადგენდნენ, მიუხედავად გაწეული წინააღმდეგობისა, „ბურჯის“ ავტოფარეხიდან ყველა მიკროავტობუსი გაიყვანეს.
„ეს არის მინიმუმ ძარცვა. ძალიან რთული იყო მათი შეჩერება. აღმასრულებლები ვითომ ცდილობდნენ აღნიშნული ქონების ახალი მესაკუთრისთვის გადაცემას, თუმცა ახალი მესაკუთრე ჯერ გამოვლენილი არ არის“, - განაცხადა კახნიაურმა.
ცნობისთვის, 2 აგვისტოს შპს „ბურჯის“ ქონება აუქციონზე 8 761 513. 55 ლარად გაიყიდა. ამ დრომდე უცნობია, ვინ იყიდა შპს „ბურჯის“ ქონება. აღსრულების ბიუროს თანამშრომლები შპს „ბურჯის“ ობიექტებში 6 აგვისტოს, დილით შევიდნენ. მათი განცხადებით, კომპანია ახალი მფლობელისთვის გადასაცემად მზადდება.