პატიმართა და პრობაციონერთა ოჯახის წევრებისგან დაკომპლექტებული ორგანიზაცია „დედათა კომიტეტი“ არასამთავრობო სექტორსა და უფლებადამცველებს მიმართვას უგზავნის.
„დედათა კომიტეტი“ პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ უდანაშაულო ადამიანების უკანონო დაპატიმრებებს დასასრული არ აქვს.
„დღითიდღე იზრდება უკანონო პატიმართა, პოლიტიკური ნიშნით დევნილთა და დაპატიმრებულთა რაოდენობა, რომელმაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ საგანგაშო ზღვარს მიაღწია. „დედათა კომიტეტში“ სისტემატიური ხასიათი მიიღო უკანონოდ გასამართლებული ადამიანების საქმეების წარმოდგენამ. ჩვენი მუშობა ცხადყოფს, რამდენად აუცილებელია ისეთი ორგანიზაციის ფუნქციონირება, სადაც დიდ წილად გაწევრიანებული არიან პატიმართა და პრობაციონერთა ოჯახის წევრები“,- ნათქვამია მიმართვაში.
მათივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „დედათა კომიტეტმა“ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას „სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია“, რომელიც უკანონოდ დაპატიმრებული, სინდისის პატიმრების, პოლიტიკური ნიშნით დევნილი ადამიანებისა და პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლთა საქმეებს განიხილავს, დასკვნებს კი, გააცნობს საერთაშორისო საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს მიაწვდის რეკომენდაციებს.
ამავე დროს, „დედათა კომიტეტი“ გამოდის ინიციატივით და კომისიას ანიჭებს უფლებამოსილებას „პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად“ გამოაცხადოს ყველა ის პატიმარი, ვინც სხვადასხვა საფუძვლით გარდაიცვალა საპატიმროებში უკანასკნელი წლების განმავლობაში.
„პოლიტიკური რეჟიმის მსხვერპლად“ უნდა გამოცხადდნენ ის პატიმრები, რომლებიც არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაინვალიდდნენ, შეერყათ ჯანმრთელობა და სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლიან. ასევე, ყველა ის პატიმარი, რომლიც ექვემდებარება სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას და არ ათავისუფლებენ სხვადასხვა აბსურდულ მიზეზთა გამო, ვინაიდან სახელმწიფოში გამეფებულია შერჩევითი სამართალი“, - აღნიშნულია მიმართვაში.
„დედათა კომიტეტთან“ არსებული „სისხლის სამართლის საქმეების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისია პირველ სხდომას, ორგანიზაციის ოფისში დღეს, 11:00 საათზე გამართავს.