საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიდა ქართლის რეგიონს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი რეგიონის სამი სოფლის - ძევერას, ქიწნისისა და კარალეთის მოსახლეობას შეხვდა. კარალეთში ქვეყნის პირველმა პირმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა.
პრეზიდენტმა იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელთა წინაშეც საქართველო დგას. მისი თქმით, მიუხედავად უამრავი საფრთხისა, ვერავინ შეძლო საქართველოს მიერ არჩეული კურსისა და ხელისუფლების პოლიტიკური არჩევანის შეცვლა, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ საბოლოოდ, საქართველო აუცილებლად მოიპოვებს გამარჯვებას.
მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანა თავის ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს.
„საკუთარი თვალით ვნახე, მთელმა საქართველომ ნახა, თუ როგორი ღირსების მატარებელია აქაური ხალხი. ჩვენმა მტერმა თქვენ, პრაქტიკულად, ყველაფერი წაგართვათ სიცოცხლის გარდა, თქვენი ზოგიერთი ახლობელი კი სიცოცხლესაც გამოასალმა. ამ ხეობებში ბევრი მივლია და ჩემთვის ყველაზე დიდი და მოუშუშებელი ტკივილია ის, რაც მათ ფეხქვეშ გათელეს. ჩვენ ყველაფერს აუცილებლად დავიბრუნებთ! ამაში მტკიცედ ვარ დარწმუნებული. ისტორიულად, ქართლის შუაგულში ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ მოიკიდა ფეხი და ვერც ესენი მოიკიდებენ. ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ქართლს, ჩვენს ხეობებს, სოფლებს და დავიბრუნებთ საკუთარ სახლებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.