მურმან დუმბაძე: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად,  სახალხო დღესასწაული ჩაშალა

მურმან დუმბაძე: მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად, სახალხო დღესასწაული ჩაშალა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“  ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მურმან დუმბაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკულად,  სახალხო დღესასწაული ჩაშალა.

დუმბაძის თქმით, ის უკანასკნელი წლების მანძილზე ამ ტრადიციულ შეკრებას, ბეშუმში  შუამთობის დღესასწაულს ყოველთვის ესწრებოდა და  დღეს, იყო პირველი შემთხვევა,  როდესაც ადამიანების უმრავლესობას  ჯარისკაცები,  ავტომატებით შეიარაღებული ხალხი,  პოლიციის დიდი რაოდენობა და რეგიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებს შეადგენდა.

„იყო ინციდენტის მცდელობა,  რომ  ბიძინა ივანიშვილის მომხრეებსა და იქ მიყვანილ ხალხს შორის შეხლა- შემოხლა მომხდარიყო.  ამ დაპირისპირებას ხელვაჩაურის გამგებელი თემურ დუმბაძე ხელმძღვანელობდა,  რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა და ამბობდა,  რომ ბიძინა ივანიშვილის ხალხი  რუსეთის  აგენტები არიანო. აქ ადგილობრივი, ხულოელი  არავინ ყოფილა.  ძირითადად, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლები აქტიურობდნენ. საბოლოოდ,  დღესასწაულზე ინციდენტი ამოწურულია, თუმცა  ღონისძიება ჩაიშალა.  ბიძინა ივანიშვილმა მოსახლეობას მაინც მიმართა ამის შემდეგ, ჩვენ წამოვედით“, - განაცხადა დუმბაძემ.

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს შორის ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულზე დაპირისპირება მოხდა.

გაზეთ „ბათუმელების“ ინფორმაციით, როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სცენასთან არ მიუშვეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებმა „ქართული ოცნების" მომხრეები ალყაში მოაქციეს და არ უშვებდნენ.

მათი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებს გზა გადაღობილი ჰქონდათ და სხვა მომხრეებსაც ეძახდნენ. ისმოდა შეძახილები ბიძინა ივანიშვილის მისამართით - „წადი, წადი!" „მიშა, მიშა!"