სოზარ სუბარი: პროვოკაციას ვარშალომიძის დაცვის წევრები და საჯარო მოხელეები გვიწყობენ

სოზარ სუბარი: პროვოკაციას ვარშალომიძის დაცვის წევრები და საჯარო მოხელეები გვიწყობენ

ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ-გამოცემა „ბათუმელებმა გაავრცელა.“ მათი ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის მომხრეებმა „ქართული ოცნების" მომხრები ალყაში მოაქციეს და არ უშვებენ.

„ ბიძინა ივანიშვილს სცენასთან არ უშვებენ. მხარდამჭერები ცდილობენ ივანიშვილთან მიახლოებას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ამის საშუალებას არ აძლევენ. „ქართული ოცნებისა" და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისიტები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. ადგილზე დაიწყო პოლიციის მობილიზება“,-აცხადებს „ბათუმელები“.

 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ის რაც ამ წუთას ბეშუმში ხდება მთელი საქართველოს სირცხვილია, რადგან ჩვენ ყველამ არჩევნებში მივეცით ხმა მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც საკუთარი ძალაუფლების გარდა არაფერი არ აინტერესებს და ყველაფერზე მიდის.

„აჭარის  გამგეობის თანამშრომლებმა, საჯარო მოხელეებმა გზა გადაუკეტეს „ქართული ოცნების“ წევრებს და აქტივისტებს.  ამ წუთასაც ზემოდან ასვლაში გვიშლიან ხელს,  ცდილობენ ასვლის საშუალება არ მოგცენ. ჩემს თვალწინ ზურაბ ვარშალომიძის დაცვის წევრი იძლეოდა ბრძანებებს:  მივაწვეთ! ქვემოთ ჩავიყვანოთ!

ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია. „ნაციონალური მოძრაობა“ თვითონ არღვევს თავისსავე შექმნილ დეკლარაციას ვითომდა „პარტიის წესების ქცევის შესახებ“ პირველ კანონს, რომელიც კრძალავს საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას.

ამ წუთას თქვენ ალბათ გესმით შეძახილები. „ქართული ოცნების“ წევრები ყვირიან-„გაუმარჯოს საქართველოს“, ნაციონალური მოძრაობა მათ ‘“მიშა, მიშას“, შეძახილებით პასუხობს, რადგან მათთვის საქართველო მიშაა. სხვათაშორის, მინდა ავღნიშნო, რომ ერთ-ერთმა წითელმაისურიანმა ახალგაზრდამ „ნაციონალების მაისური“ გაიხადა და „ქართული ოცნების“ მაისური ჩაიცვა, აღნიშნა, რომ მე არ მეგონა თუ პროვოკაციების მოსაწყობად წამოგვიყვანესო.

ხულოს რაიონის მცხოვრებლები მოდიან ჩვენთან და გვეუბნებიან, რომ ეს ხულოელების სირცხვილია, რაც აქ ხდება, მაგრამ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ ეს არა მარტო ხულოელების, არამედ ჩვენი სირცხვილიცაა, რადგან არჩევნებში ხმა მივეცით ისეთ ადამიანს, რომელსაც ქვეყანა, რომლის პრეზიდენტიცაა, საერთოდ არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების გადარჩენაზე ზრუნავს“,-აცხადებს სუბარი.