მიუხედავად იმისა, რომ გახმაურებული სურათი “ტაქსის” ყველა ნაწილის გადაღებები უკვე დასრულებულია, მსახიობი სამი ნასერი როლიდან მაინც ვერ გამოდის. ის აგრძელებს საგზაო წესების დარღვევას და კვლავ ხულიგნობს.
სამი ნასერი ციხეში უკვე ორჯერ იჯდა და ორჯერ მოიხადა პირობითი სასჯელი.
ცოტა ხნის წინ ნასერი გისოსებს მიღმა მესამედ აღმოჩნდა. მიმდინარე წლის ივლისში ადამიანზე დანით თავდასხმისათვის მას 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ მალე გაათავისუფლეს იმ პირობით, რომ კარგად მოიქცეოდა.
საინტერესოა, რომ მსახიობი წესრიგის დამცველებმა კანის უკანასკნელ ფესტივალზეც დააკავეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ნასერი შიშველ უკანალს უჩვენებდა მასთან სურათის გადაღების მსურველ თაყვანისმცემლებს. მსახიობი მაშინ ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სასტიკად გააფრთხილეს და სოლიდური ჯარიმაც გამოუწერეს. სამწუხაროდ გაბედულმა “ტაქსისტმა” ჭკუა ვერ ისწავლა და ცოტა ხნის წინ თავი კიდევ ერთხელ “გამოიჩინა”.