იმაზე, თუ როგორ გამოასახლეს დევნილები ამიერკავკასიის ყოფილი სამხედრო ოლქის შენობიდან, იგივე “ზაკოდან“; რატომ ამბობენ უარს ფოცხოში წასვლაზე და რის გაკეთებას აპირებს 19 წლის ელენე შერგილაშვილი, ხვალ–ზეგ, ამის შესახებ პრესა.გე–ს ესაუბრა.
ელენე შერგელაშვილი: 10 აგვისტოს , დაახლოებით 3–4 საათზე, ჩვენთან პოლიციელები მოვიდნენ და გვითხრეს, “ხვალ “ზაკოს“ შენობიდან გაგყრითო“. რამდენიმე დღით ადრე, ლტოლვილთა სამინისტროდან გვესტუმრნენ და აღწერა ჩაატარეს. მათგან ერთ–ერთმა, თქვა – “ათ დღეში მოვლენ და ყველას გაგყრიანო“. ამის შემდეგ მიტინგი მოვაწყვეთ და ვაკე–საბურთალოს ცენტრალური გზა გადავკეტეთ. იქ პოლიცია მოვიდა და რა თქმა უნდა, დაგვარბიეს. ღამის ორ საათამდე ქუჩაში ვიყავით. შემდეგ მოვიდნენ ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები – შალვა ქელბაქიანი და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანი.
მათ დაგვამშვიდეს, “რა სისულელეა, არავინ გაგყრით, ვინ გითხრათ, საიდან მოიტანეთ ეგ ამბავიო?!“ იმ ადამიანის სახელი რომ დავუსახელეთ, ვინც გაყრის შესახებ გაგვაგებინა, ძალიან გაგვიბრაზდნენ, მაგრამ შემდეგ ისევ დამშვიდება დაგვიწყეს – “ნუ გეშინიათ, არაფერი იქნება; ასე რომ იყოს, ჩვენ ხომ გაგაფრთხილებდით, ერთი კვირით ადრე მაინც?! თუ გაგიყვანთ, ერთი კვირით ადრე გაგაფრთხილებთ და პლუს ამას, ვისაც თბილისში ჩაწერა აქვს და რეალურად ეკუთვნის აქ ცხოვრება, იმას თბილისში, ან რუსთავში დავაკმაყოფილებთო“.
ეს საუბარი როდის შედგა?
– დაახლოებით 10 დღის წინ.
რა გააკეთეთ 10–ში პოლიციის მოსვლის შემდეგ?
– 200–ზე მეტი ადამიანი ლტოლვილთა სამინისტროში წავედით. საშინელება იყო – ბავშვები, ქალები, გოგონები, ბიჭები, მოხუცები ცემეს.
რას ითხოვდით სამინისტროსგან?
– ვითხოვდით აეხსნათ, სად გვიპირებდნენ გამწესებას.
ვინ გამოვიდა თქვენთან სალაპარაკოდ?
– სამინისტროს წარმომადგენლები იყვნენ გამოსულები (მათი გვარები არ მახსოვს). ძალიან ბევრი პოლიციელი მოვიდა, ცემა–ტყეპა, სიტყვიერი შეურაცხყოფა და ერთი ამბავი იყო – გოგონას ხელში 22 დღის ბავშვი ეჭირა, რომელსაც ცემდნენ; ბავშვსაც მოხვდა ხელი. მოკლედ, ცოდვის კითხვა იყო. პატრული როგორ ცემდა მოხუც კაცს, ამას იღებდა ერთი გოგონა, რომელიც დააკავეს და წაიყვანეს; საბედნიეროდ, მოგვიანებით გაათავისუფლეს.
არსებობს ამ ცემა–ტყეპის ამსახველი სხვა ვიდეო–კადრები?
– ვიღაცეებს ალბათ გადაღებული აქვთ, რადგან ამ საშინელებას ბევრი იღებდა, მაგრამ, მოგვიანებით, რომ მოვიკითხეთ, კადრები არავის ჰქონდა. საინტერესო ის გახლდათ, რომ იქ იყო კიდევ ერთი ახალგაზრდა, ვიდეო–კამერით ხელში, რომელსაც არც ჟურნალისტი ახლდა და არც რომელიმე ტელევიზიის ლოგო ჰქონდა. მისთის ხელი არავის უხლია – მშვიდად იდგა და იღებდა.
რა მოხდა შემდეგ?
– იქ შევიტყვეთ, რომ პოლიცია “ზაკოში“ მისვლას აპირებდა და წავედით ჩვენს შენობასთან, რომლის მიმდებარე ტერიტორია პოლიციელებით და შავებში გამოწყობილი ხალხით გადავსებული დაგვხვდა. მთელი ღამე იქ ვიდექით; ჩვენთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იყვნენ.
შენობაში შესვლის საშუალება არ მოგცეს?
– სამართალდამცავები ჭიშკარს გარეთ იყვნენ და ჩვენ კიბეებზე ვიდექით. ვითხოვდით შესაბამისი უწყების წარმომადგენლების მოსვლას და დალაპარაკებას, რათა ვისაც ეკუთვნოდა, ისინი მაინც დავეკმაყოფილებინეთ. ინფორმაცია გავრცელდა, დილის ექვსზე შავებში ჩაცმულები მოვლენ და გაგყრიანო. შავებში ჩაცმულების მოყვანას, როგორც ჩანს მოერიდნენ;
ექვს აკლდა წუთები, როცა შენობას პოლიციელებით სავსე 5–6 ყვითელი ავტობუსი მოადგა. ჩვენ ვიდექით კიბეებზე, ანთებული სანთლებით ხელში. რომ შემოვარდნენ, ეს ჩვენი ოპოზიციის ხალხი სულ ფშვიტინით გააგდეს გარეთ – ჭიშკარს იქით მოისროლეს.
ოპოზიციიდან ვინ და ვინ იყო თქვენთან ერთად?
– ლაშა ჩხარტიშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომელთა სახელები და გვარები ზუსტად არ მახსოვს. “დავაი, ყველა ადით თქვენ–თქვენს სართულებზე და ბარგი ჩაალაგეთო“, – გვითხრეს და სართულებზე აგვყარეს.
წინააღმდეგობა არ გაგიწევიათ?
– არა, რადგან იმ შენობაში რამდენი ადამიანიც ცხოვრობს, იმაზე ხუთჯერ მეტი პოლიციელი იყო ჩვენს გამოსაძევებლად მოსული და წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა.
როგორ ეპყრობოდნენ ხალხს?
– სიტყვიერი შელაპარაკებები იყო, ხელის დარტყმა და ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა. მსგავი გაყრა–გამოყრები უკვე ათასჯერ ვნახეთ, საკუთარ თავზეც ვიწვნიეთ და ამიტომ, არანაირი წინააღმდეგობა არ გაგვიწევია – პარკები მოგვცეს, რომლებშიც ჩვენი ბარგი ჩავალაგეთ; იქ დამხმარე ბიჭიბი იყვნენ, რომლებმაც ბარგი ჩაგვაზიდინეს. ახლა ჩემი ოჯახის ავეჯი “ზაკოს“ წინ ყრია.
ჩვენი მეზობლებიდან ზოგიერთი ფოცხოში წავიდა. წარსულში ვისაც კომპენსაცია ჰქონდა აღებული, ალბათ ისინიც ფოცხოში წავიდნენ.
თქვენ საიდან ბრძანდებით წარმოშობით და რამდენი სულისგან შედგება თქვენი ოჯახი?
– ოჯახში სამნი ვართ – დედა და ძმა მყავს. ჩვენ აფხაზეთიდან, სოფელ ალახაძედან ვართ; ზუსტად 2 წლის წინ, აგვისტოს ბოლო რიცხვებში, თვითონ ლტოლვილთა სამინისტრომ შეგვიყვანა “ზაკოს“ შენობაში, მაშინ როცა იქ ცხინვალის რეგიონიდან დევნილების პირველი ნაკადი შევიდა.
რამდენი ოჯახი იყო ამ შენობაში და კონკრეტულად რომელი რაიონებიდან?
– სამაჩაბლო–აფხაზეთიდან დაახლოებით 150 ოჯახზე მეტი ვცხოვრობდით, “ზაკოში“.
რა ინფორმაცია გაქვთ კომპენსაციების, ან ბინების შეთავაზების შესახებ?
– ძველ დევნილებს შესთავაზეს სამეგრელოში, სოფელ ფოცხოში გადასვლა – ფერმა, გაარემონტეს და ხალხს იქ უშვებენ. ინფორმაცია მოგვივიდა, რომ თვითონ ამ შენობაში შეიჭრნენ ფოცხოში მცხოვრები დევნილები და იქაურობა დაიკავეს. ახლა გვითხრეს, რომ არის ფართიო და გვთავაზობენ ფოცხოს. ახალ დევნილებს კახეთისკენ შესთავაზეს საცხოვრებელი. კომპენსაციას არ იძლევიან.
რა შესთავაზეს პირადად თქვენს ოჯახს?
– გვითხრეს, “თუ გინდათ ფოცხოში წადით და თუ არა, მაშინ იცხოვრეთ ქუჩაშიო“. ორ უნივერსიტეტში ვსწავლობ; აქ უკვე 18 წელია ვცხოვრობ და ნამდვილად ვერ წავალ იქ, სადაც არც წყალია, არც საავადმყოფო, არც სკოლა; იქ პურის ფულსაც ვერ იშოვი, რომ ელემენტარულად, იარსებო.
რას აპირებთ?
– ნახევარ საათში “ზაკვოს“ წინ უნდა მივიდე, სადაც ჩემი ავეჯი ყრია. ავეჯს საცავში შევიტანთ, მაგრამ იქიდან როგორ და რანაირად გამოვიტან, ამას უკვე აღარ მეუბნებიან. მე მეგობართან ვაპირებ ცხოვრებას და ჩემი ოჯახის წევრები ალბათ ნათესავებს შეეფარებიან. დანარჩენი, ყველანაირად შევეცდები რაღაც გავაკეთო, რაც შემიძლია. არ ვიცი რა იქნება.
როგორია თქვენი ყოფილი მეზობლების განწყობა?
– ვისაც რეალურად არაფერი აქვს და არც არაფერი აუღია, ბრძოლას აპირებს.
ანუ, იმ შენობაში იყო კატეგორია, ვისაც კომპენსაცია აღებული აქვს?
– ასეთი რამდენიმე ოჯახი იქნება, დევნილების ახალი ტალღიდან, რომელთაც 10 000–სს და კოტეჯებს სთავაზობდნენ, მაგრამ ახალ დევნილებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც არც კომპენსაცია აუღია და არც კოტეჯი. ასეთებს პირადად ვიცნობ. ისინი ჩვენს გვერდით დგანან. მათ შორის ერთია ცხინვალიდან დევნილი, ეროვნებით ოსი ქალბატონი, რომელსაც ორი ქართველი შვილი ჰყავს. ქმართან არ ცხოვრობს. აქ არც ნათესავი ჰყავს, არც წასასვლელი აქვს სადმე. ომის დროს ცხინვალიდან წამოვიდა, იმიტომ რომ ქართველი შვილები ჰყავდა, იფიქრა საქართველოში მომხედავენო და საქართველოში მის შვილებს აწიოკებენ.
რომელ უნივერსიტეტებში სწავლობთ?
– ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში, პირველ კურსზე ვარ, ტურიზმის ფაკულტეტზე და ანდრია პირველწოდებულის სახელობის საპატრიარქოს უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიურზე ვსწავლობ, იქაც პირველ კურსზე ვარ და პლუს ამას, გრანტი მაქვს მიღებული.
რამდენი წლის ხართ?
– 19–ის.
როგორ აფასებთ ხელისუფლების მხრიდან, სამშობლოში დევნილებად ქცეულ ადამიანებთან ამგვარ მოპყრობას?
– საკუთარ სამშობლოში მეორედ ვხდებით დევნილები. მთელი ცხოვრება აქ ვარ და ვერ წარმომიდგენია, ამის იქით რა შეიძლება გავაკეთო. ერთადერთი ვარიანტი მაქვს – ყველაფერს თავი დავანებო და კაპიკებზე ვიმუშაო, რომ ბინის ქირა გადავიხადო; ან ფოცხოში უნდა წავიდე. არადა, ეს უნივერსიტეტები, რაღაც წარმატებები ხომ მომავალს მიქმნის?! არანაირად არ შემიძლია იქით წასვლა და თუ დავრჩები, გამოდის, რომ უნდა ვიბრძოლო.
ხელისუფლება არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისწავლო და ცხოვრებაში წარმატებებს მივაღწიო. ყოველდღე აცხადებენ – მშვიდობიანი საქართველო, წინსვლაო და რეალურად ასე არ არის, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან მიმართებაში. ყველაფერს ვიღონებ იმისთვის რომ ცხოვრება საქართველოში გავაგრძელო. ამისთვის ვიბრძოლებ და თუ ვერაფერს მივაღწევ, დახმარებისთვის საელჩოებს მივმართავ და თავშესაფარს უცხო ქვეყანაში მოვითხოვ. იქნებ იქ მაინც გამომივიდეს რაიმე.