ლია მუხაშავრია: „სკანდალური ჩიპის“ აღმოჩენის შემთხვევაში, დასავლეთში შს მინისტრი გადადგებოდა

ლია მუხაშავრია: „სკანდალური ჩიპის“ აღმოჩენის შემთხვევაში, დასავლეთში შს მინისტრი გადადგებოდა

"ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის” აღმასრულებელი დირექტორი ლია მუხაშავრია კოალიცია "არჩევნის თავისუფლებისთვის“ მიერ წარდგენილ სკანდალური ჩიპის შესახებ საუბრობს, სადაც გურიის პოლიციის მხრიდან მოსახლეობის კონტროლის ფაქტებია ასახული და აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც შს სამინისტროს უშუალო დაკვეთით და დაგეგმარებით ხორციელდება.

„ის, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით, ამ ჩიპმა აშკარად დაადასტურა- არჩევნებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიცია აქტიურად მუშაობს. ეს ცალსახად არის უკანონობა პოლიციის მხრიდან, იმისათვის რომ წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას მიაწოდოს ინფორმაცია ვინ არის ხელისუფლების მომხრე, ვინ მოწინააღმდეგე, ვინ იღებს ალტერნატიული საშუალებებით საინფორმაციო წყაროებს და ა.შ. ეს ყოვლად დაუშვებელი საქმიანობაა და პირდაპირ ადასტურებს, რომ პოლიცია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიზირებულია. რადგან ამ მონაცემებით მხოლოდ პოლიტიკური ორგანიზაციები და მისი თანამშრომლები შეიძლება დაინტერესდნენ. ეს პოლიციის მხრიდან ძალიან მძიმე პოლიტიკური დანაშაულია“,-აცხადებს უფლებადამცველი.

ლია მუხაშავრიას განმარტებით, დასავლეთში ამ ფაქტის გამჟღავნების შემთხვევაში მინიმუმ შს მინისტრი გადაგებოდა, თუმცა საქართველოს შს მინისტრს რეაქცია იმიტომ არ აქვს, რომ ეს მისი საქმიანობის ორგანული ნაწილია.

„ამ ფაქტის  გამჟღავნების შემთხვევაში, დასავლეთში მინიმუმ შს მინისტრი მაინც გადადგებოდა. ეს იქნებოდა ვიღაცის კერძო ინიციატივა, რადგან დასავლეთში ამას არ შეიძლებოდა ქვეყნის მასშტაბით ჰქონოდა პრეცედენტი. ჩვენთან უბედურება იმაშია და შს მინისტრს რეაქცია იმიტომაც არ აქვს, რომ ეს არის მისი საქმიანობის ორგანული ნაწილი, თვითონ ასე თვლის,  და ყველა პოლიციელის ამ დავალებას ისე აძლევს, თითქოს ეს არის ყველა პოლიციელის პირდაპირი მოვალეობა.

ერთის მხრივ სიშტერესთან და სრულ უვიცობასთან გვაქვს საქმე, მეორეს მხრივ  სრულ უსინდისობასთან.  ეს ფაქტების დაუსჯელი არ უნდა დარჩეს, მიუხედავად იმისა, დღეს მოხდება დასჯა, ხვალ თუ ზეგ. მე დასჯის მომხრე არაოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს არის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც შს სამინისტროს უშუალო დაკვეთით და დაგეგმარებით ხორციელდება. ეს არის უაღრესად კრიმინალური დანაშაული“,-აცხადებს მუხაშავრია.