ბიძინა ივანიშვილი: თვალებშიც შეგხედავთ, გულშიც ჩაგხედავთ

ბიძინა ივანიშვილი: თვალებშიც შეგხედავთ, გულშიც ჩაგხედავთ

პოლიტიკური  კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სვანეთს ესტუმრა. ივანიშვილმა პირველი შეხვედრა ხაიშის მოსახლეობასთან, სოფლის ცენტრში გამართა. შეხვედრა მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. „რას ფიქრობთ ჰესების თაობაზე, საით წაიყვანთ საქართველოს“- ამ შინაარსის შეკითხვები დაუსვეს ადგილობრივებმა „ქართული ოცნების“ ლიდერს .

ჰესების მშენებლობის შეკითხვის საპასუხოდ, კოალიციის ლიდერმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ჰესების მშენებლობა  ასე იოლად და მარტივად არ უნდა წყდებოდეს არამედ, ის გარკვეული მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, სადაც ყველა მოსახლე უნდა ჩაერთოს და მშენებლობის  პლიუსიც და მინუსიც გავიგოთ.

„სასწაული არ ხდება, როგორც წესი,  პლიუსებს გარკვეული მინუსებიც ახლავს და ხშირ შემთხვევაში,  იმდენად არღვევს ეკოლოგიას,  რომ  ყოველგვარი მშენებლობა აზრს კარგავს. ალბათ,  უმეტეს შემთხვევაში,  კარგი იქნება მცირე  და საშუალო ჰესების მშენებლობა, რომლებიც ეკოლოგიას შედარებით ნაკლებ ზარალს აყენებენ. ჩვენ გვავქს უნიკალური მთა, ულამაზესი,  ისტორიული ადგილები,  რომლებსაც შენახვა,  მოფერება , მოვლა უნდა და  არა ერთი ჰესის აშენებისთვის განადგურება“, - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება,  შეკითხვას,  თუ საით წაიყვანს საქართველოს ივანიშვილმა განმარტა, რომ  ჩვენი ქვეყანა პროგრესისაკენ უნდა წავიდეს.

 „ყველა ნორმალური ადამიანი საუკეთესოს  ირჩევს. ხელისუფლება დღეს,  რომ იკვეხნის,  ევროპა, ევროპაო,  ზვიადიც ევროპას იძახდა,  შევარდანაძეც და ყველა ქართველი ევროპას იტყვის,  რამდენადაც ჯერ უკეთესი კაცობრიობას არ მოუფიქრებია.  რა თქმა უნდა,  ჩვენი გზა იქით უნდა იყოს. ამას ალტერნატივა არ აქვს,  მაგრამ ამავდროულად,  როდესაც რუსეთზეა საუბარი ჩვენ არავინ არ შეგვიცვლის და  რუსეთს ამ საზღვრიდან  არავინ  გადაიტანს. უნდა  მოვახერხოთ და  ყველა მეზობელთან   ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. არა ევროპის ხარჯზე არამედ,  ისიც  უნდა გავაკეთოთ.  სწორი გზით უნდა ვიაროთ და  ყველა მეზობელთან ჯანსაღი,  ნორმალური ურთიერთობები უნდა გვქონდეს.  გონიერი პოლიტიკის შემთხვევაში, ორივე შესაძლებელია“, - განაცხადა ივანიშვილმა.