კეთილი გოლიათი

კეთილი გოლიათი

[სანტიაგო გაუჩო]

რამდენჯერმე მსახიობების გარემოცვაში მოვხვდი და აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიის ადამიანებს მრავალი გასახსენებელი გააჩნიათ. რასაკვირველია სხვადასხვა ისტორიების მოყოლა სხვა დარგებში მოღვაწე პიროვნებებსაც ახასიათებთ, მაგრამ აქტიორები მაინც ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ. მაგალითად პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, მსახიობების მიერ ნათამაშები როლები კი დროის ყველა გამოცდას უძლებს და მაყურებლის გულებშიც ადგილს მუდმივად იკავებს.

მსახიობი დიმა ჯაიანი იხსენებდა:

„დოდო აბაშიძე ყოველ დილით ვარჯიშობდა, გავიდოდა ზღვაზე, ფოლადივით მაგარ სხეულს იკაჟებდა. მერე ორ ახალგაზრდას დაუძახებდა. ბიჭები ბატონ დოდოს მკერდზე ფეხით შედგებოდნენ და მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს დოდო რას არ ჰყვებოდა. ისეთი მკლავები ჰქონდა, მისი გადამწევი საქართველოში არ მეგულებოდა. უძლიერესი, გულადი არც ჩხუბს დაერიდებოდა.

ერთხელ, შევედი სასტუმროში და საოცრად ნაზი მუსიკა მესმის. ვიღაც როიალზე ლისტს უკრავდა. გავედი ფოიეში და ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა – დოდო აბაშიძე იყო. ჩემი თვალით რომ არ მენახა, არ დავიჯერებდი და ვერც წარმოვიდგენდი, რომ ეს კეთილი გოლიათი ასე უკრავდა. ეს არავის გადაუღია, მაგრამ ხომ ღირდა ერთ ფილმად!

ეხლა, როცა დოდო აბაშიძის ბიუსტს შევხედავ ხოლმე მელიქიშვილის ქუჩის სკვერში, თვალწინ წარმომიდგება თავისი ხიბლით, მუშტით, თავისი მოცარტით, ლისტითა და მრავალჟამიერით, თავისი „დიდი მწვანე ველითა“ და „პირველი მერცხალით“. ყველაფერს იტევს ეს ბიუსტი.“

„ღვინის ქურდების“ გადაღების დროს, კახი კავსაძესა და ქალბატონ გულჩინა დადიანს შორის ერთი „საინტერესო“ დიალოგი გაიმართა, რომელსაც ბატონი კახი შემდეგნაირად იხსენებს:

„ღვინის ქურდებს“ ვიღებთ, ჩემო ბატონო. ერთხელ გადაღების დროს რომ „სოკის“ ნაცვლად ნამდვილი ღვინო ვსვით ჩუმ-ჩუმად, რომ დავითვერით და რომ ჩავშალეთ გადაღება, იმას როგორ გავამხელ?! მთავარი სხვაა. „ლოგინის სცენაში“ (მარნიდან რომ სიმღერის ხმა ისმის, ხომ გახსოვთ?) პარტნიორობას ქალბატონი გულჩინა დადიანი მიწევდა. იწყება ეპიზოდის გადაღება და გვიხმობს რეჟისორი.

- ქალბატონო გულჩინა, გვეძახიან-მეთქი, შევახსენე. ქალი მაინც ქალია და ჭორაობდა მსახიობ ქალებთან. რომ დავუძახე, კარგ ეპიზოდს „განიხილავდნენ“ და არ ესიამოვნა.

- რაზე გვეძახიან, არ იცი, კახი?

- ლოგინის სცენაა, ქალბატონო გულჩინა- შევახსენე მოკრძალებით.

- მომეშვი ერთი, თუ კაცი ხარ! – აიბზუა ცხვირი.

- რა ხდება, ქალბატონო გულჩინა? – გამიკვირდასავით.

- კაცო, 25 წელია, ლოგინში ვწევარ და მაგის რეპეტიცია მინდა, ბოშო მე? (25 წლის გათხოვილი იყო იმ დროს).

დავიმორცხვე, მაგრამ ისევ თვითონ „გამომიყვანა“:

- არა, ისე, ქმრებში ნამდვილად მიმართლებს, ჩემო კახი.

- ვერ გავიგე, ქალბატონო გულჩინა?

- რა ვერ გაიგე, თუ კაცი ხარ? ერთ ფილმში დოდო აბაშიძე იყო ჩემი ქმარი, მეორეში – რამაზ ჩხიკვაძე, მესამეში – კახი კავსაძე. ნამდვილი ქმარი ხომ მყავს და მყავს და რაღა რეპეტიცია მინდა, თუ კაცი ხარ? როცა პირდაპირ გადაღება დაიწყება, მაშინ დამიძახეთ, - მომიგდო, აკისკისებულ ქალებს მიუბრუნდა და ჭორაობა განაგრძო“.

იქ სადაც ბატონი კახი კავსაძე ვახსენეთ, ალბათ უპრიანი იქნება თუ გივი ბერიკაშვილსაც მოვიხსენიებთ. მსახიობი ავთო მიქაძე ერთ კურიოზულ შემთხვევას არაერთხელ ყვებოდა:

„ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო).

- რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად.

- არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, - ამოვიოხრე.

- არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ, ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის

წინა ნომერი.

- წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც.

- ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით.

- სად, იქ?

- ავტოინსპექციაში.

- რატომ?

- რა რატომ?

- რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში?

- აბა, ნომრები არ გინდა?

- ეს ჩემი მანქანა არაა.

- რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი.

- რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას!

- თქვენია, ბატონო გივი? – ბოდიში, ახლავე. ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა. გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.“

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მემონტაჟე ლალი კოლხიდაშვილი იხსენებს:

„საერთოდ, ფილმის გადაღების დროს მე და ჩემს ძმაკაც ზაზა კოლელიშვილს მეთვალყურეებს მოგვიჩენენ ხოლმე, რომ არ დავლიოთ. ერთხელ ბათუმში ლევან უჩანეიშვილს მიანდეს ჩვენზე დამკვირვებლობა, მაინც დავუსხლტით თვალთახედვიდან და ორივე ჩვენ ჩვენს საქმეებზე წავედით სხვადასხვა მიმართულებით. რეჟისორის ბრძანების თანახმად, დილის 7 საათზე სახაშეებში გვეძებდნენ. იყო ეჭვი, რომ „პახმელიაზე“ ერთად გამოვიდოდით. ზაზა იპოვეს. მე – ვერა.

მიუხედავად ასეთი გაუჩინარების შემთხვევებისა, მაინც დაგვაჯილდოვეს რეჟისორთან ერთად, მაინც და მაინც ჩვენ, ლოთები – მემონტაჟე და მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებელი.

ფილარმონიაში ოთხი ფილმის დაჯილდოების ცერემონიალია, ოთხივე ფილმი მე დავამონტაჟე, არადა მოსაწვევის გადმოცემა მაინც და მაინც ჩემთვის და ზაზასთვის დაავიწყდათ. ასეთი გულმავიწყობით მხოლოდ ქართველები გამოირჩევიან. დიდი ხვეწნა-მუდარით და ქრთამების დაპირებით შევაღწიეთ ფილარმონიაში და საღამოს პრიზები ზაზას სახლში „დავასველეთ“. კინოსტუდიის ბინის მეცხრე სართულზე ვარ ასასვლელი, ზაზა მეოთხეზე ცხოვრობს. ჩემი გაცილება-დაბინავების საპატიო მისია, თურმე, სოსო ჯაჭვლიანს მიანდეს. სოსოს დაეზარა ულიფტოდ (დენი გამორთული იყო) ჩემი აყვანა და თავის სახლში შევუყვანივარ. დილით ვახელ თვალებს და გვერდით უზარმაზარი შავი დოგი მიწევს. ვიფიქრე, ვაითუ „ბელაია გარიაჩკა“ დამეწყო. მიშველეთ! – დავიღრიალე. დოგმაც დაიწყო ღრენა, მეზობელი ოთახიდან ვიღაც გამომეპასუხა, ნუ გეშინია, სოსო ჯაჭვლიანის სახლში ხარ, ეგ დოგი კიდევ სვანურად მყავს აღზრდილი და იცის შინაურ-გარეული. არც თათი უხლია შენთვის და არც პირი. შეგიძლია მშვიდად იყოო.“

დღევანდელი წერილის ბოლოს კი სიტყვას კვლავ მსახიობ ავთო მიქაძეს გადავცემთ.

„მობილური ტელეფონები ახალი შემოსულია და რა თქმა უნდა, მეც შევიძინე და ამირან ბუაძემაც (ყველაზე სწრაფი რომაა საქართველოში).

შევხვდი ერთ „პახმელია“ დილით თეატრის ეზოში და ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

- ბიჯო, ამირან, სად იყავი გუშინ? საქეიფოდ ვიყავი და ვერაფრით შენს ნომერზე ვერ დავრეკე, გათიშული გაქვს ტელეფონი?

- არა.

- აბა, რა მოხდა?

- მოიცა, შენ არაფერი იცი? – მომიბრუნა კითხვა.

- რა იყო, სიდედრი ხომ არ მოგიკვდა? – შემეშინდა მე.

- სიდედრის სიკვდილი ასე ადვილად არ ხდება. ვის აქვს მაგის ბედი!

- აბა, რა მოხდა?

- კაცო, გავიგე, რომ მობილური ტელეფონი თურმე სისხლს (წითელს) ათეთრებს, კიბოს აჩენს და კაცობას აკარგვინებს კაცებსო, არ გაიგია შენ მაგი?

- მერე, გაყიდე?

- რატომ უნდა გამეყიდა, ჩემს ბიჭს ვაჩუქე, რახანია, მეხვეწება! – აი, მამა!!!“