2012 წლის ბიუჯეტში ცვლილების პროექტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 15 მილიონი ლარით შეუმცირდა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ საზღვარგარეთ ქართული საელჩოების რიცხვის შემცირება იგეგმება. ექსპერტი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე From.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ქართული საელჩოს არსებობს მასში ეჭვს იწვევდა.
„თავიდანვე მეჩვენებოდა რომ ქართული საელჩოების რაოდენობა საზღვარგარეთ ძალიან ბევრი იყო, რომლებიც ჩემში კითხვებს იწვევდა - იმ ქვეყნებში, რომლებთანაც საქართველოს არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური ურთიერთობები არ გააჩნიათ, რას აკეთებდნენ საელჩოები, გაუგებარია. საელჩოების შემცირება მსოფლიო კრიზისმა განაპირობა, არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვაგანაც“,-აცხადებს აბაშიძე.
მიუხედავად იმის, რომ არსებობს სპეციალური ფონდები, მათ შორის საპრეზიდენტო ფონდიც, რომელიც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად თანხების გამოყოფასა და დახმარებას ითვალისწინებს, ექსპერტს მიაჩნია რომ კიდევ უნდა მოხდეს ახალი გადასახადის შემოღება, რომელიც ფორსმაჟორული მდგომარეობისთვის იქნება განკუთვნილი.
„ჩვენ გვჭირდება ახალი გადასახადის შემოღება სოლიდარობის მიზნით, რომელიც მიმართული იქნება სტიქიური უბედურებების პრევენციისა და მოსახლეობისთვის დასახმარებლად. ამჟამად ამის გამკეთებელი წინასაარჩევნო პერიოდში არავინ არ არის, მაგრამ არჩევნების შემდეგ ეს უნდა გაკეთდეს. გადასახადი უნდა გადაიხადოს იმ მოსახლეობამ, ვისაც საშუალო ან მაღალი შემოსავალი გააჩნია. ეს აუცილებელია, რომ ჩვენ ფარსმაჟორული მდგომარეობა ადვილად გადავიტანოთ. გეთანხმებით, ამისთვის არსებობს სპეციალური ფონდები და საპრეზიდენტო ფონდიც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. გარემო ძალიან სწრაფად და ძალიან სახიფათოდ იცვლება. შეიძლება ბიუჯეტიც დავგეგმოთ და საელჩოებიც შევამციროთ, მაგრამ მოსახლეობის მობილიზება და სპეციალური გადასახადის შემოღებაა საჭირო“,-აცხადებს ზურაბ აბაშიძე.