არასამთავრობოებმა პარტიათა ქცევის წესების ახალ  დოკუმენტთან დაკავშირებით,  პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წევრებთან გამართეს

არასამთავრობოებმა პარტიათა ქცევის წესების ახალ დოკუმენტთან დაკავშირებით, პირველი შეხვედრა „ქართული ოცნების“ წევრებთან გამართეს

„ეს შენ გეხებას“  ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ინიციატივით გამოვიდნენ, რომ, პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, შეიქმნას დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში პარტიათა ქცევის წესებთან და ამომრჩევლის მოსყიდვის პრევენციასთან დაკავშირებით. კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლებისა და  კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე გაიმართა.  შეხვედრას კოალიციის წევრები თეა წულუკიანი და ზაქარია ქუცნაშვილი ესწრებოდნენ.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, არასამთავრობოების ინიციატივა მისასალმებელია და კოალიცია „ქართული ოცნება“ ითანამშრომლებს მათთან დოკუმენტის შესაქმნელად, რათა წინასაარჩევნო პერიოდში წარმოიშვას ორმხრივი ვალდებულებები ქცევის წესებთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამოქვეყნებულ მემორანდუმის ტექსტს, სადაც ის პოლიტიკური პარტიებისთვის სამოქმედო წესზე საუბრობდა, დროულ ინიციატივას  უწოდებს, თუმცა  მისი თქმით,  ამ მემორანდუმს რიგი საკითხები აკლდა.

„კამპანია „ეს შენ გეხება“ გამოვიდა ინიციატივით, რომ გარკვეული მედიაციის როლი შეასრულოს პოლიტიკურ პარტიებს შორის.  იცით,  რომ რამოდენიმე დღის წინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაქვეყნა მემორანდუმის ტექსტი, სადაც იგი პოლიტიკური პარტიებისთვის   გარკვეულ საკითხებზე და სამოქმედო წესებზე საუბრობდა.  ვფიქრობთ, რომ ეს ძალიან დროული ინიციატივა იყო, თუმცა პროცესთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო. კერძოდ,  ის რომ თვითონ პროცესში არ იყვნენ თავიდანვე ჩართულნი პოლიტიკური პარტიები და გარდა ამისა,  ვფიქრობთ, რომ ამ მემორანდუმს  გარკვეული საკითხები აკლდა, რა საკითხებზეც პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი.  მაგალითად, მემორანდუმის ტექსტს აკლდა ის  საკითხები, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მედიაგარემოსთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება  უფრო მეტად გაიწეროს,  ჩვენ ასევე ვსაუბრობდით ამომრჩევლის მოსყიდვაზე და ესეც უფრო კონკრეტულად გავწერეთ.  ჩვენს ინიციატივას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  გამოეხმაურნენ. ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ შევხვდებით მმართველ პარტიას და ვნახავთ თუ რა საკითხებზე შეიძლება მათთან საუბარი და იმედი გვაქვს,  რომ ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგება“, - განაცხადა გიგაურმა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, შემდეგი შეხვედრა „ეს შენ გეხებას“ მმართველ პარტიასთან ექნება, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მათი პოზიციები და მოსაზრებები გაიგონ.

„ეს შეხვედრა იყო გამოხმაურება კამპანია „ეს შენ გეხებას“ წინადადებაზე, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმების იმ ფორმას ვთავაზობდით, რომელიც  გავავრცელეთ.  ანუ უფრო დეტალურს ვიდრე,  ეს  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან იყო გაჟღერებული.  თავისთავად შეთანხმება  ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია და შესაბამისად მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს ასეთი შეთანხმებისკენ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კოალიციის წარმომადგენლის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, მას მიაჩნია, რომ სამოქალაქო სექტორი ყველა პარტიის მხრიდან ნდობას იმსახურებს, რომ ის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესის   მედიატორი, ხელშემწყობი და ასევე მაკონტროლებელი გახდეს.

„აქედან გამომდინარე,  ჩვენ მზად ვართ მჭიდროდ ვითანამშრომლოთ „ეს შენ გეხება“ კამპანიის ორგანიზატორებთან, რომ მათი მონაწილეობით შეიქმნას ის დოკუმენტი, რომელ დოკუმენტზეც ორმხრივი ვალდებულებები წარმოიშობა. ერთის მხრივ,  პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლებიც საარჩევნო კამპანიაში მიიღებს მონაწილეობას და მეორე მხრივ, სახელისუფლებო ორგანოებისთვის“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.