ზვიად ძიძიგური: შეუძლებელია ხელისუფლებამ პოლიტიკური მდინარე უკვე  აღმა დაატრიალოს

ზვიად ძიძიგური: შეუძლებელია ხელისუფლებამ პოლიტიკური მდინარე უკვე აღმა დაატრიალოს

საქართველოს ხელისუფლება ღია და აშკარა დევნაზე გადავიდა ოპოზიციური პარტიებისა თუ მათთან დაკავშირებული პირების მიმართ, ამას თვითონაც აღარ მალავს, იმდენად აბსურდული და გაუმართლებელი ბრალდებებით ხდება პროკურატურის მხრიდან მათი დაკავება. როგორ რეაგირებს ამაზე ქართული საზოგადოება და დასავლეთი, რომელიც ყოველთვის „აღშფოთებული და შეშფოთებული“ იყო დემოკრატიული პრინციპების რღვევით საქართველოში?   From.ge ზვიად ძიძიგურს ესაუბრა.

შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებზე ღიად და ოფიციალურად ხორციელდება დევნა?

ეს დევნა გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა, ეს დაიწყო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა.  მინდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი უკუშედეგს გამოიღებს. ეს აღარ არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანები შეშინდებიან ან უკან დაიხევენ, ან უარს იტყვიან თავის პოლიტიკურ საქმიანობაზე. ეს არის შედეგი, როდესაც „დათესავ ქარს და მიიღებ ქარიშხალს“. ერთი დაპატიმრებული კაცის ადგილზე ათობით და ასობით მოხალისე ჩნდება ხოლმე.

გუშინ, როდესაც  საწევროს შენატანების გამო, სრულიად უსაფუძვლოდ დააკავეს ჩვენი აღმასრულებელი მდივანი, ძალიან ბევრმა „კონსერვატორმა“ სურვილი გამოთქვა საწევროს შემოტანის, მათ შორის ისეთებმაც, რომლებსაც აქამდე ამის შესაძლებლობა არ გააჩნდათ. ამიტომ ვამბობ, რომ შეუძლებელია ხელისუფლებამ პოლიტიკური მდინარე აღმა დაატრიალოს. საზოგადოებას თავისი  გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს-ნაციონალების დამარცხებით და ხელისუფლების შეცვლით.

ძალიან ბევრს საუბრობენ იმ აბსურდულ ბრალდებებზე, რომელსაც პროკურატურის წარმომადგენლები დაკავებულ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თუ მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს უყენებენ, ამას ხელისუფლება ვერ ხვდება?

ხვდება მაგრამ სხვა გზა არ აქვს. სწორედ ამაშია მთავარი პრობლემა. შევარდნაძის ხელისუფლებაც ხვდებოდა ამას, როდესაც ქვებით უმასპინძლდებოდა რეგიონებში ჩასულ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მაგრამ ცუდად დაამთავრა. ხვდებოდა ამას კომუნისტური ხელისუფლებაც, როდესაც ეროვნულ მოძრაობას ებრძოდა ასეთი მეთოდებით. როდესაც ხელისუფლება ასეთ ნაბიჯებს დგამს, ეს მომაკვდავი ორგანიზმის კონვულსიური მოძრაობებია, იმიტომ რომ სხვანაირად მას სიტუაციაზე სხვანაირი რეაგირება აღარ შეუძლია.

როგორ რეაგირებდნენ 90-იან წლებიდან მოყოლებული უცხოელი  დიპლომატები თუ ორგანიზაციები ოპოზიციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციებსა თუ დარღვეევბზე და როგორ რეაგირებენ დღეს?

თუ შევადარებთ დღევანდელ და მაშინდელ სიტუაციებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. მინდა ვთქვა ისიც, როგორც დღეს გვაქვს შესაძლებლობა ინფორმაციის სწრაფად და ხარისხიანად მიწოდების, მაშინ ასეთი შესაძლებლობა არ გვქონდა, თუნდაც ბოლო რვა წლის განმავლობაში. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ეს პრობლემები მოხსნა, უფრო მეტი დაინტერესება გაჩნდა მათი მხრიდანაც. ასეთი ტიპის დაინტერესება იყო მაშინ, როდესაც ეროვნული მოძრაობა მოდიოდა ხელისუფლებაში და მაშინ, ეროვნული ხელისუფლების საპატივცემულოდ, კაპიტოლიუმზე ქართული ეროვნული დროშა აღიმართა.  ეს მაშინ იყო მწვერვალი, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა მხარს უჭერდა ეროვნულ მოძრაობას. დღესაც ასეთი სიტუაციაა ოპოზიციასთან მიმართებაში, მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა ძალიან დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, მაგრამ ამ მხარდაჭერამ იკლო და  დღეს ის  მხოლოდ დემოკრატიული პროცესების განვითარების მიმართ არსებობს საქართველოში.

დასავლეთი ყოველთვის აღშფოთება- შეშფოთების დონეზე რჩება ხოლმე, ამჯერად რისი იმედი აქვს „ქართულ ოცნებას“?

დასავლეთი საქართველოში მიტინგს ვერ ჩაგვიტარებს რაიმე საკითხთან დაკავშირებით, მათ ქმედების თავისი ფორმა გააჩნიათ, ეს ყველაფერი მჟღავნდება მათ გამოსვლებში, მოხსენებებში, ამ მეთოდიკით  ისინი სერიოზულ გავლენას ახდენდნენ ყოველთვის და ჩვენ ამ მეთოდოლოგიას მათ ვერ შევუცვლით.