პარლამენტის შენობას დაშლას უპირებენ

პარლამენტის შენობას დაშლას უპირებენ

პარლამენტის შენობას დაშლას და ისე გაყიდვას უპირებენ. დღეს პარლამენტში ინფორმაცია გავრცელდა, რომ აგვისტოში პარლამენტის შენობიდან ფანჯრების მოხსნა  დაიწყება.

კარ-ფანჯრების მოხსნა ჯერ პარლამენტის „c“ კორპუსიდან დაიწყება, შემდეგ კი „ბ“ კორპუსზე გადავლენ, სადაც ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარისა და პირველი ვიცე-სპიკერის კაბინეტებია განლაგებული. რაც შეეხება „ა“ კორპუსს, ანუ საპრეზიდენტო ფლიგელს, იქ ახლა პრემიერობიდან მოხსნილი ნიკა გილაური დასვეს და ინვენტარიც გამოუცვალეს, თუმცა, ცოტა ხანში შესაძლოა გილაურს პარლამენტიდან სხვა შენობაში წასვლა მოუწიოს, რადგან პარლამენტის შენობის ბედი გაურკვეველ მდგომარეობაშია.

ეკონომიკის სამინისტრო ამ დრომდე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის შენობა გაიყიდა, თუმცა, არსებობს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანო არაბმა ინვესტორებმა შეიძინეს. აქამდე იმასაც ამბობდნენ, რომ შენობა ჩინელებმა შეიძინეს, ამის საფუძველი კი ის გახდა, რომ ჟურნალისტებმა ჩინელი ინვესტორები პარლამენტში არაერთხელ ნახეს. ისინი კედელ-კედელ კაკუნით დადიოდნენ და საგულდაგულოდ ეცნობოდნენ პარლამენტის  შენობის  მდგომარეობას.

პარლამეტის  აპარატის თანამშრომლებს გუშინ შენობის დაცლის შესახებ უკვე აცნობეს.  პარლამენტის აპარატის უფროსი დავით ჯანიაშვილი  კომიტეტების აპარატების ხელმძღვანელებს  დახურულ კარს მიღმა შეხვდა და  პარლამენტის ქუთაისში გადასვლის პროცესზე ესაუბრა.

აპარატის თანამშრომლებს უკვე გამოუცხადეს, რომ მასალებისა და დოკუმენტაციის დაარქივება და მოწესრიგების პროცესი დაიწყონ.

პარლამენტში 700 თანამშრომელზე მეტი მუშაობს. მათ ნაწილს უკვე გამოუცხადეს, რომ აგვისტოში ნებაყოფლობით შვებულებაში შეუძლიათ  წავიდნენ. ამ დროს მათ ხელფასი შეუნარჩუნდებათ.

ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, პარლამენტის არაერთი თანამშრომელი ეჭვობს, რომ მათ ჯერ შვებულებაში გაუშვებენ, შემდეგ კი სამსახურის გარეშე დატოვებენ.

არადა, აპარატის თანამშრომლების უმეტესობას გაცხადებული აქვს, რომ ისინი ქუთაისის პარლამენტში აპირებენ გადასვლას და იქ მუშაობის გაგრძელებას. ამასობაში ქუთაისის პარლამენტში სტაჟიორების შერჩევა უკვე მოხდა. გამორიცხული არ არის, რომ ამ სტაჟიორების ნაწილმა პარლამენტის აპარატის უკვე გამოცდილი თანამშრომლები ჩაანაცვლონ. ახლა საქართველოში ხომ  ახალგაზრდა კადრებზე კეთდება ძირითადი აქცენტი  და არა გამოცდილ და ღვაწლმოსილ თანამშრომლებზე.

დილიდან პარლამენტში ერთადერთი სალაპარაკო მხოლოდ ის არის რა ეშველება იმ 700-ზე მეტ თანამშრომელს, რომელიც პარლამენტში მუშაობს?

ამას ემატება დაცვის ის კონტიგენტი, რომელიც პარლამენტის შენობას იცავს.

მას შემდეგ რაც პარლამენტის შენობის დაცლის შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს, რამდენიმე თანამშრომელი ცუდად გახდა.

„გული მწყდება პარლამეტის შენობის გაყიდვაზე, ამ შენობაზე ჯვარი არა მაქვს დაწერილი, მაგრამ ეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა და არ მინდა, რომ აქ უცხოელმა ინვესტორებმა „იგულაონ“ , სავაჭრო ცენტრი ან სასტუმრო გახსნან და ამხელა შენობა, სადაც კანონები იწერებოდა ვაჭრობის ბუდედ აქციონ “, - განუცხადა from.ge-ს აპარატის ერთ-ერთმა თანამშრომელმა. მან ისიც დაამატა, რომ ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი და თუ სამსახურის გარეშე დარჩება, კრედიტს ვერ გადაიხდის და ბანკი სულს ამოაძრობს.

პარლამენტის თანამშრომლებმა კარგა ხანია იციან, რომ საკანონმდებლო ორგანო ქუთაისში გადადის, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს არჩევნების შემდეგ მოხდებოდა და რამდენიმე თვე მათ კიდევ მოუწევდათ მუშაობა, ახლა კი ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ.

შეკითხვა, რასაც 2 დღეა აპარატის თანამშრომლები სვამენ ასეთია - რა მოხდა, რატომ დაჩქარდა ეს პროცესი რა არის ამის მიზეზი?

აპარატის თანამშრომელთა ნაწილს საფუძვლიანი ეჭვი აქვს, რომ ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ხალხში საპროტესტო მუხტი მაღალია და მოსახლეობა ოპოზიციის აქციებზე სიარულს არ ერიდება.

დღეს დილიდან სამსახურში მისულმა პარლამენტის თანამშრომლებმა ერთმანეთს მისალმების ნაცვლად ჰკითხეს:  რა გვეშველება? რა ეშველება ამ შენობას?