დღეს  გერგეტობაა

დღეს გერგეტობაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 1980 წლის 16 ივლისს, გერგეტის სამების მოლოცვისას, აღნიშნა, რომ ამ დღეს უფლათან განსაკუთრებული სიახლოვე იგრძნო და მას შემდეგ, ამ დღეს უფლის სიყვარულის დღეს უწოდებენ. ტრადიციულად ამ დღეს, ეკლესიებში წირვა სრულდება.

„დღეს საოცარი დღესასწაულია. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული არის მარადიული და აი, მარადიული სიყვარულის დღესასწაულია დღეს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა აქ მოსვლისა და ამ სიყვარულთან ზიარებისა. ღვთის სიყვარულში გავეხვიეთ სუყველა, ღვთის სიყვარულმა მოგვიყვანა აქ და ღვთის სიყვარულმა გაათბო ჩვენი გულები. ყველას გილოცავთ სიყვარულის დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, გაახაროს, გააძლიეროს და გაამთლიანოს თავისი სიყვარულით სრულიად საქართველო. ამინ“,- ბრძანა პატრიარქმა.

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია, რომელიც სტეფანწმინდის რაიონის სოფელ გერგეტში ზღვის დონიდან 1800 მ-ზე მდებარეობს. გერგეტის წმინდა სამების სახელობის ტაძარში ინახება ღვთისმშობლის ხატი, რომელიც სასწაულმოქმედია. დღესასწაულზე მოლოცველები საქართველოს ყველა კუთხიდან და ჩრდილოეთ კავკასიიდანაც იკრიბებიან.