არანაირი განვითარება „მეგობარ აქტს“, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრულ აქტს, არ ექნება. ტრამპის ადმინისტრაციაში რომ შევიდეს, ვფიქრობ, ხელმოწერილი არ იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ.
„რა პოლიტიკასაც წლების განმავლობაში ჩვენ ვატარებთ, პრაქტიკულად იგივე პოლიტიკას ატარებს დონალდ ტრამპი. კიდევ თუ გავიხსენებთ, რამდენიმე დღის წინ წარმომადგენლობითმა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა თავის ანგარიშში პირდაპირ დაადანაშაულა ევროპა, რომ ევროკავშირი კონსერვატორების წინაღმდეგ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისად, ვფიქრობ, არანაირი განვითარება ამ „მეგობარ აქტს“, სინამდვილეში, საქართველოს მიმართ მტრულ აქტს, რომელიც კონკრეტულმა კონგრესმენმა შეიმუშავა და მხარდაჭერილი იყო, არ ექნება. ტრამპის ადმინისტრაციაში ხელმოსაწერად რომც მივიდეს, ვფიქრობ, ხელმოწერილი არ იქნება, შესაბამისად, არც განვითარება არ ექნება აღნიშნულ ფაქტს“, - განაცხადა ჭეიშვილმა.