მაია ფანჯიკიძე: არჩევნების წინ რომ პარტიებს კოდექსზე შეთანხმება სჭირდებათ იმაზე მიუთითებს, თუ როგორი დემოკრატიაა ქვეყანაში

მაია ფანჯიკიძე: არჩევნების წინ რომ პარტიებს კოდექსზე შეთანხმება სჭირდებათ იმაზე მიუთითებს, თუ როგორი დემოკრატიაა ქვეყანაში

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერის, მაია ფაჯიკიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიებისთვის ქცევის დეკლარაციის შეთავაზება ქვეყანაში არსებული დემოკრატიის ხარისხზე მიანიშნებს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ეს მისასალმებელი  კი არის.

„ის ფაქტი, რომ არჩევნების წინ პარტიებს სჭირდებათ ქცევის გარკვეულ კოდექსზე შეთანხმება, იმის კარგი ნიშანია, თუ როგორი დემოკრატიაა ქვეყანაში. წესით ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს საჭირო, მაგრამ ვითარების გათვალისწინებით, მისასალმებელია შეიქმნას ასეთი კოდექსი და პარტიები ქცევის წესებზე შეთანხმდნენ“ - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

როგორც  ფანჯიკიძე აცხადებს, არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის ქცევის კოდექსის შემუშავების ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეკუთვნის, ამ თემაზე არასამთავრობოები და სამოქალაქო სექტორი უკვე მუშაობდა. კოალიციას მიაჩნია, რომ მსგავსი შეთანხმება სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით უნდა მოხდეს.

„მხოლოდ ამით შეგვიძლია მივიღოთ გარანტია, რომ და არა მხოლოდ არჩევნების დღე იქნება თავისუფალი და გამჭვირვალე, არამედ მთელი საარჩევნო პროცესი“ - განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მისი შეფასებით, ხელისუფლება, რომელიც პუნქტებად აყალიბებს იმ დებულებებს, რომელზეც შეთანხმებაა საჭირო და შემდეგ თავად არღვევს, მათი მხრიდან აღნიშნული ინიციატივით გამოსვლა ბადებს ეჭვს, რომ შეთანხმების ჩაშლა უნდათ.