მაია ფანჯიკიძე: აუდიტის სამსახურთან დიალოგისთვის, მოგელაძემ კოალიციის ნდობა უნდა მოიპოვოს

მაია ფანჯიკიძე: აუდიტის სამსახურთან დიალოგისთვის, მოგელაძემ კოალიციის ნდობა უნდა მოიპოვოს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ ტრადიციულ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ  პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური მათ ნდობას მოიპოვებს, კოალიცია აუდიტის სამსახურთან დიალოგის გამართვაზე მზადაა.

ფანჯიკიძის განმარტებით, გასულ კვირას, კოალიციის ლიდერები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდნენ, სადაც მისი თქმით,  ამ უკანასკნელმა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგისა და სამომავლოდ „თამაში წესების“ განსაზღვრის სურვილი გამოთქვა.

„ბეჟაშვილის ამ ინიციატივას მივესალმებით, თუმცა, დიალოგი, რომ შედგეს აუცილებელია მონიტორინგის სამსახურმა და მისმა ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ კოალიციის ნდობა მოიპოვონ. მოგელაძემ უნდა შეწყვიტოს საქმეების რეალურად განხილვის გარეშე ჯარიმების გამოწერა და უარი თქვას წინასწარ ჩამოყალიბებულ აზრზე იმის შესახებ, რომ კოალიცია და ყველა ის პირი და კომპანია, ვისაც  „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა სურს, დამნაშავეა“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.