პაატა ზაქარეიშვილი: ოსური მხარე ერგნეთის ბაზრის აღდგენას გაგებით მოეკიდება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

პაატა ზაქარეიშვილი: ოსური მხარე ერგნეთის ბაზრის აღდგენას გაგებით მოეკიდება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან

 

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ერგნეთის ბაზრის აღდგენასთან დაკავშირებით,  მნიშვნელოვნად აფასებს და აღნიშნავს, რომ  ეს შიდა ქართლის განვითრებას,  ქართველებისა და ოსი ხალხის დაახლოებასა და ნდობის აღგენას  ხელს მნიშვნელოვნად შეუწყობს.

ზაქარეიშვილის თქმით, ერგნეთის ბაზრობა გასული წლებისგან განსხვავებით,  სხვა მოდელი, უფრო თანამედროვე, სრულყოფილი იქნება და ყოველი ნაბიჯი  კანონიერების დაცვის მიმართულებით  გაითვლება.

კონფლიქტოლოგი  ირწმუნება, რომ  ოსური მხარე ამ იდეის განხორციელებას გაგებით მოეკიდება და ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

„სააკაშვილის ავანტიურისტული კრიტიკის შემდეგ,  რუსეთმა  საქართველოს ხელისუფლების პროვოცირება და პროვოკაციაში ჩართვა მოახდინა, რასაც შედეგად საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთის მხრიდან  სამხრეთ ოსეთის სახელმწიოფოებრივი დამოუკიდებლობის აღიარება მოჰყვა.  ეს ერთი ორად რა თქმა უნდა,  ერგნეთის ბაზრის აღდგენას გაართულებს, მაგრამ რაღაც ფორმით თუ აღდგება,  დარწმუნებული ვარ ოსური მხარე ამას გაგებით მოეკიდება, ამ იდეას მიესალმებიან და ამ პროცესში ჩაერთვებიან, რადგან იქ მოსახლეობა უმუშევარია და  ძალიან შორს არიან ცივილიზაციის ცენტრებიდან, თბილისი იქნება ეს თუ ვლადიკავკაზი.  მათთვის თბილისი უფრო მნიშვნელოვანია.  აქ უფრო მეტი რესურსები და პერსპექტივებია განვითარების.  ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის რისკები, შეცდომები  და  ეს ბაზრობა ახლა  უფრო სხვა მოდელი იქნება.  ერგნეთის ბაზრის აღდგენა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება, ეს მცდელობაც კი მნიშვნელოვანია, რადგან  ნდობას გამოიწვევს და შემდეგ  ვნახოთ,  ერგნეთის ბაზრობა საბოლოო ჯამში, რა ფორმას მიიღებს“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებას, რომ  ერგნეთის ბაზრის გახსნა არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად ხელსაყრელი და მომგებიანი არაა და რომ „ამ ბაზრობის ხიბლი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ადგილი ჰქონდა კონტრაბანდული, აღურიცხავი და დაუბეგრავი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვას“,  ზაქარეიშვილი ეთანხმება მოსაზრებას, რომ იქ  დაუბეგრავი პროდუქცია და კონტრაბანდა იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ   კონტრაბანდა უნდა მოსპო და არა პროდუქცია.

„ეს უნიკალური სამშვიდობო პროცესი იყო. მათ ახლა თავიანთი უნიათობა და  შეცდომა სურთ გადაფარონ იმით, რომ არ გაამართლებსო. როცა იყო ამართლებდა. იქ  მშვიდობა, სტაბილურობა, ვაჭრობა, მისვლა-მოსვლა იყო,  ოსური მხარე ენდობოდა ქართულ მხარეს, ქართული ლარი ტრიალებდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ოსების ხელთ არსებული ფინანსური რესურსები  საქართველოს ბანკებში ინახებოდა  ანუ უდიდესი ნდობა იყო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგი აბსოლუტურად აბსურდულს და უსაფუძვლოს უწოდებს უმრავლესობის  განცხადებას, რომ ერგნეთის ბაზრობის ლეგალურ ჩარჩოებში მოქცევით და მის კანონის ფარგლებში ჩასმით, ბაზრობის არსებობას „თავისი ხიბლი ეკარგებოდა,“  რადგან ასეთ შემთხვევაში, ის კონკურენციას ვეღარ გაუწევდა ისეთ ბაზრობებს, როგორიცაა, მაგალითად, ლილოს ბაზრობა და სხვა დიდი ბაზრები”  და ცალსახად აცხადებს, რომ ეს უსუსური არგუმენტია.

„მკვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო, მათ ნათქვამს ეს  კარგად შეესაბამებოდა. არც კი შეეცდანენ კანონის ფარგლებში მოექციათ ეს პროცესი.  ამ ბაზრობის გაუქმება  ოქრუაშვილზეცაა, მაგრამ რატომ იღებენ ოქრუაშვილის ცოდვებს თავიანთ თავზე არ ვიცი. ოქრუაშვილმა ძალიან ბევრი იმუშავა ეს ბაზრობა  გაუქმებულიყო.  მას თავისი ინტერესები ჰქონდა შიდა ქართლის გუბერნატორი იყო და ფაქტიურად, შიდა ქართლს აკონტროლებდა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილის თქმითვე, ის რომ ივანიშვილი აპირებს ერგნეთის ბაზრის აღდგენას კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად სურს მოწყვიტოს რუსეთს სამხეთ ოსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მათ მეტად დამოუკიდებლად არსებობის საშუალება და პირობები მისცეს.

ცნობისთვის, კონფლიქტების გადაჭრის თემას „ქართული ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი გუშინ, გორში გამართულ აქციაზე ვრცლად შეეხო და ამ კონტექსტში ერგნეთის ბაზრობის აღდგენის თაობაზეც ისაუბრა.

„ხელისუფლებას კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე ოდნავ მაინც რომ ეზრუნა, ერგნეთის ბაზრობას ასე  დაუფიქრებლად და ასე ხელაღებით არ დახურავდა. ერგნეთის ბაზრობის დახურვა ჩვენი ხელისუფლების უგუნური პოლიტიკის შედეგია, რადგან იქ, სადაც რვა წლის განმავლობაში ქართველებისა და ოსების საერთო სავაჭრო დახლები იდგა და სავალუტო ჯიხურები მუშაობდა, ახლა  რუსული სამხედრო პოსტია. ამ შეცდომის გამოსწორება მარტო ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში, ლეგალურად აღვადგენთ ერგნეთის ბაზრობას. ჩვენ ყველაფერს გულდასმით გავითვლით და ყველა რისკს გავითვალისწინებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც ერთხელ და საბოლოოდ დალაგდება“, - განაცხადა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას.